ცოტა ხნის წინ მცენარეების მაღაზია-სალონში „ანემონე“, ქოთნების მწარმოებელ კომპანიასთან „ბეტონნა“ და კომპანიასთან PSP Pharmacy თანამშრომლობით, მცენარეების გადარგვისა და ქოთნების მოხატვის ორი ვორქშოპი ჩატარდა. ისინი PSP-ს მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა პროცესი იმდენად სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ვორქშოპების სერიის მომზადება ამჯერად ნებისმიერი მსურველისთვის გადაწყდა.

ანი არველაძე, მცენარეების მაღაზია-სალონის „ანემონე“ დამფუძნებელი:
– „ანემონე“ 7 წლის წინ შეიქმნა სურვილით, რომ ადამიანებს ერთ სივრცეში შესძლებოდათ მცენარეებთან დაკავშირებული ყველა სერვისის მიღება, იქნებოდა ეს მცენარეების ინტერიერისა და ექსტერიერისთვის არჩევა, მრავალფეროვანი ქოთნების შეძენა, მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება და ა.შ. თუმცა, დროთა განმავლობაში, „ანემონემ“ ბევრი სხვა კარგი ფუნქციაც შეითავსა, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ სივრცეს სტუმრობენ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ „ანემონე“ მათთვის განტვირთვის საუკეთესო ადგილია. ამიტომაც გადავწყვიტე, აქტიურად ჩამეტარებინა ვორქშოპები, რათა ისინი ახალი ენერგიებითა ავსებულიყვნენ. სხვათა შორის, „ანემონე“ 1 წლისაც არ იყო, როდესაც სკოლის მოსწავლეების მასპინძლობა დაიწყო. მათთვის შემეცნებითი გაკვეთილები დღემდე გრძელდება.

– ასეთი ტიპის შეხვედრებმა შეუწყო თუ არა ხელი მომხმარებლის ქცევის შეცვლას?
– ნამდვილად ასეა, მომხმარებლის ცნობიერება მნიშვნელოვნადაა ამაღლებული. როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან, უკვე ჩამოყალიბებულები არიან, რა მცენარე სურთ, სად უნდათ მისი განთავსება, არ ზოგავენ თანხას ქოთანში (ადრე არც იყო ასეთი მრავალფეროვნება ქოთნებში). ხშირად მიაქვთ ქოთნის მცენარე საჩუქრად (მათ შორის კომპანიებსაც კორპორაციული დანიშნულებით), რასაც ჩვენმა კამპანიამაც „აჩუქე მცენარე ქოთნით“ შეუწყო ხელი. ასეთი საჩუქრით თითქოს ემოციას გადასცემენ, თითქოს პასუხისმგებლობას ჩუქნიან სხვას.

– როგორ დაუმეგობრდით „ბეტონნას“ და როგორ დაიბადა ერთობლივი ვორქშოპების ჩატარების იდეა?
– მცენარე ქოთნის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც „ანემომენემ“ და „ბეტონნამ“ მარტივად გამონახეს საერთო ენა. მრავალფეროვანი პროდუქციიდან გამომდინარე, „ბეტონნა“ მალევე იქცა ჩვენი მომხმარებლისთვის საყვარელ ბრენდად. სწორედ „ბეტონნასთან“ თანამშრომლობის წყალობით ადგილზე გვაქვს მცენარის გადარგვის სერვისი, რაც ძალიან საინტერესოს ხდის მცენარის და ქოთნის ერთ სივრცეში არჩევას. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ ვორქშოპებს, ამ იდეის დაბადებას PSP-ს წარმომადგენლის შემოთავაზება დაემთხვა, მათი მომხმარებლებისთვის დროის საინტერესოდ დათმობის თაობაზე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით. პირველმა ორმა ვორქშოპმა მოლოდინს გადააჭარბა, ქოთნების მოხატვითა და შემდეგ უკვე მცენარეების დაბინავებით ყველამ ისე ვისიამოვნეთ, ვერც კი გავიგეთ, როგორ გაგვიფრინდა ვორქშოპისთვის განკუთვნილი დრო. ერთობლივი ვორქშოპით ასეთმა კმაყოფილებამ მოგვცა ბიძგი, მორიგი შეხვედრებიც დაგვეგეგმა და უკვე 26 ივნისს ახალ ნაკადს ვუმასპინძლებთ.
✨ პსპ-სთან ერთად ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებულად დასამახოვრებელი ვორქშოფი ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა სტუმრებმა გადარგეს მცენარეები და მოხატეს ქოთნები ☺️ დიდი მადლობა ანემონეს უსაყვარლეს მეგობარს, ბეტონნას – მისმა შემოქმედებითობამ და ენერგიამ კიდევ უფრო გაალამაზა ჩვენი ვორქშოფი 💚 და რა თქმა უნდა, მადლობა პსპ-ს თანამშრომლობისთვისა და ნდობისთვის! PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი Betonna • ბეტონნა
Posted by Anemone • ანემონე on Monday, May 19, 2025
იმაში დასარწმუნებლად, რამდენად უსაფრთხოა ბეტონის ქოთნები მცენარეებისთვის და საერთოდაც, რა გახდა ბეტონის ქოთნების ქართულ ბაზარზე გამოჩენის ბიძგი, მათ შემქმნელსაც გავესაუბრეთ.

თეა კიკნაძე, კომპანიის „ბეტონნა“ დამფუძნებელი:
– „ბეტონნა“ 2022 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნების ორ ფაქტორს გამოვყოფდი განსაკუთრებულად – ერთი გახლდათ პანდემია, რომელიც რთული, კრიზისული პერიოდი იყო ჩემთვისაც და მისი დაძლევის გზას აქტიურად ვეძებდი და მეორე – ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ მცენარეების შეძენის საკითხი რომ დადგა, ვერსად მივაგენი განსხვავებულ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ქოთნებს და გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა ისინი. დავიწყე ისეთი მასალის ძებნა, რომელზეც სახლის პირობებში ვიმუშავებდი და მივადექი ბეტონს. ბეტონზე არჩევანი იმიტომაც შევაჩერე, რომ ძალიან მომწონს მისი ფაქტურა (სახლის ინტერიერშიც კი დავტოვე რემონტის შემდეგ ბეტონის რაღაც ელემენტები). ქოთნების დამზადების ტექნოლოგიას ჯერ იუთუბის მეშვეობით გავეცანი, შემდეგ კი შევიძინე შესაბამისი ინვენტარი და შევუდექი საქმეს. ქოთნების კეთებამ იმდენად გამიტაცა, ისეთი აზარტული გამოდგა ეს პროცესი ჩემთვის, რომ მასში დახელოვნება გადავწყვიტე. დავიწყე მასალის უკეთ შესწავლა, ყალიბების გამოწერა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვაქციე გართობა საქმედ. შემდეგ უკვე მომხმარებელმა მიბიძგა ქოთნების შეღებვა-მოხატვისკენ, რადგან, როგორც ჩანს, ყველას ჩემსავით არ მოსწონს ბეტონის ფაქტურა. აქვე აღვნიშნავ, რომ აქამდე ფუნჯი არასდროს მჭერია ხელში და სწორედ ამ საქმემ აღმომაჩენინა ახალი შესაძლებლობები საკუთარ თავში.

– ერთი ქოთნის დამზადების პროცესი რომ წარმოგვადგენინოთ.
– ბეტონის ქოთნის დამზადება, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, თითქოს მხოლოდ მასალის მოზელა და ყალიბში მოთავსებაა საკმარისი, სინამდვილეში კი ბევრი სირთულე ახლავს თან. საქმე ის გახლავთ, რომ მასალა სამუშაოდ არის მძიმე, მოითხოვს სიზუსტეს, მდგრადობის შენარჩუნებას. მოზელვის შემდეგ, ბეტონს ფორმებში ვასხამ და 16-18 საათის გასვლის შემდეგ ვიღებ გასაშრობად, რასაც, დაახლოებით, ორი კვირა სჭირდება ზაფხულში და ზამთარში ცოტა უფრო მეტი. შეღებვა-მოხატვამდე საჭიროა ქოთნის ზედაპირის მოხვეწა, ანუ დამუშავება, გასუფთავება. ქოთანი, მოხატვისა და დაფერვის შემდეგ, იფარება ლაქით, ილაქება შიდა ნაწილიც, საღებავმა მცენარე რომ არ დააზიანოს. შემდეგ უკვე დგება საბოლოო გაშრობის ეტაპი, რასაც 2-3 დღე სჭირდება. ამ რამდენიმეეტაპიანმა პროცესმა მასწავლა, რომ ქოთნები მუდმივად უნდა მქონდეს მარაგში, მომხმარებელი რომ არ დავაღალატო.
– როგორც ვიცი, ყველაფერს დღემდე საკუთარი ხელით და მარტო აკეთებთ. არ გიფიქრიათ გაფართოებაზე, მით უფრო, რომ უკვე საკმაოდ ბევრ შეკვეთას იღებთ?
– შეკვეთა მართლაც ბევრი მაქვს, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული (დღესასწაულების დროს) და სხვათა შორის, „ბეტონნას“ ძალიან ბევრი მამაკაცი მომხმარებელი ჰყავს. ეს საქმე იმდენად ჩემია, რომ ეგოისტი დედასავით ვარ და არ მიფიქრია შრომის სხვასთან განაწილების საკითხზე. საქმიანობის გაფართოებას რაც შეეხება, პირველი ეტაპი რამდენიმე თვის წინ დადგა, როცა სახლიდან სახელოსნოში გადავინაცვლე. ამან მომცა შესაძლებლობა, ისეთი დანადგარები დამემატებინა, რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებში შეუძლებელი იყო. „ბეტონნას“ განვითარების მომდევნო ეტაპი მინდა, რომ უკვე საკუთარი მაღაზიის გახსნა იყოს. ამ ეტაპზე ჩემი ქოთნები მხოლოდ ონლაინ იყიდება და მაღაზია-სალონში „ანემონე“.

– „ანემონესთან“ ერთად ჩატარებული ვორქშოპების თანმხლები ემოციებიც გაგვიზიარეთ.
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ სწორედ „ანემონე“ იყო ჩემი პირველი დამკვეთი. მაშინ სულ რაღაც ორი სახეობის ქოთანი მქონდა, თუმცა მალევე დავმეგობრდით და ამდენი წელია, ერთად მოვდივართ. რაც შეეხება ვორქშოპს, მან მოლოდინს გადააჭარბა. თავიდან შიშით და სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ იმხელა უკუკავშირი იყო მონაწილეების მხრიდან, ისეთი სიამოვნებით აკეთეს საქმე, რომ საოცარი ემოციებით დავიმუხტე. ჩემს საქმეში ისე ვარ ჩართული, მგონია, რომ მარტო მე მიყვარს და არ ველოდი ასეთ ენთუზიაზმს რიგითი ადამიანების მხრიდან. ეს ვორქშოპი ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. მომხმარებლებთან ასეთი ტიპის მომდევნო შეხვედრების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებში „ბეტონნასა“ და „ანემონეს“ ოფიციალური გვერდებიდან გავავრცელებთ.
