LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „ჩემთვის ძალიან მძიმეა ბავშვის გარეშე ყოფნა. თავიდან, ბავშვის გაჩენის მერე, რაღაც პერიოდი ვერ ვმღეროდი, რადგან ჯანმრთელობის კუთხით, ყველაფერი კარგად არ მქონდა. ეს პერიოდი მთლიანად ბავშვთან ვიყავი…“

417
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ FM“-ს ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია მისთვის დედობა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ყოველთვის იპყრობ მსოფლიო პრესას, ხმამაღლა ვსაუბრობთ თითოეულ შენს წარმატებაზე. მოდი, შევაჯამოთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში გამართული კონცერტები, რომელი იყო შენთვის განსაკუთრებული? ისეთი, რომელიც დიდი ტრიუმფით შედგა…

ბავშვის გაჩენის მერე, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა მქონდა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნოემბერში ნეაპოლში დაბრუნება, სადაც ფაქტობრივად, ხელახლა დავბრუნდი სცენაზე დვორჟაკის ულამაზესი ოპერით „ქალთევზა“. ეს იყო ჩერნიაკოვის არაჩვეულებრივი დადგმა, შესანიშნავი შემადგენლობით ვმღეროდით. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს ამ ოპერას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამით დავბრუნდი სცენაზე და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს თეატრში, „სან-კარლოში“ ვმღეროდი. ეს ჩემთვის ამოსუნთქვასავით იყო, რადგან ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი სცენაზე და ძალიან მენატრებოდა სცენაზე ყოფნა, მსმენელი, დეკორაცია, კოსტიუმები, ყველაფერი… ამან ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ჩემში.

როგორი დედაა ანიტა რაჭველიშვილი?

ალბათ, ზედმეტად თავდადებული. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვს ყურადღება მივაქციო და ფიზიკურად ვიყო მასთან, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ვცდილობ, რომ თუ შესაძლებელია, სადაც დავდივარ, ყველგან თან წავიყვანო. როცა ორ კვირაზე მეტი პერიოდით მივდივართ, მე და ოთოს აუცილებლად თან მიგვყავს ბავშვი, რადგან არ გვინდა, რომ მარტო, ჩვენ გარეშე იყოს. როცა ხანმოკლე პერიოდით მივდივარ, საკმაოდ განიცდის ჩემს არყოფნას. ჩემთვის ძალიან მძიმეა ბავშვის გარეშე ყოფნა. თავიდან, ბავშვის გაჩენის მერე, რაღაც პერიოდი ვერ ვმღეროდი, რადგან ჯანმრთელობის კუთხით, ყველაფერი კარგად არ მქონდა. ეს პერიოდი მთლიანად ბავშვთან ვიყავი და ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ჭკვიანი და ძალიან თბილია. ჩემთვის დედის როლი როგორი იქნებოდა, არ ვიცოდი და აღმოვაჩინე, რომ მართლა სანატრელი, ყველაზე ლამაზი რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

„აღელვებული ვარ… ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყველაზე ემოციურია, ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო აქ მოდის და აქ იგრძნობა“ – 27 ივნისს ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კონცერტს გამართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g