LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანიტა რაჭველიშვილი მენდო მე, სრულიად უცხო ადამიანს და ჩემს მეგობარს სრულად დაუფინანსა სწავლის გადასახადი…“

142
anitanews20102

როგორც ანა იმერლიშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გავრცელებულ სტატუსში წერს, ანიტა რაჭველიშვილს, მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს, მიმართა და სთხოვა, ფინანსური დახმარება გაეწია მისი მეგობრისთვის, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სწავლას ვეღარ აგრძელებდა, რაზეც თანხმობა მიიღო. მისმა მეგობარმა უნივერსიტეტი სწორედ ანიტას დახმარებით დაამთავრა.

გთავაზობთ სტატუსს:

„მადლიერება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება, გავა წლები და ყველაფერი ისევ მემახსოვრება!

ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ერთ დღეს მითხრა, რომ სწავლის თანხა დაუგროვდა გადასახდელი და გამოცდებზე არ უშვებდნენ. სწავლისთვის თავის დანებება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. დავიწყე ყველა გზის მოძებნა, რომელიც ჩემს მეგობარს გადაარჩენდა, მაშინ საჭირო თანხის შოვნა მისთვის გადარჩენის ტოლფასი იყო. უკვე ჩემთვისაც მთავარ მიზნად ქცეული. ერთი და იგივე ტექსტი ძალიან ბევრ ადამიანს დავუკოპირე. ტექსტი იწყებოდა ასე, „ჩემს მეგობარს და ერთ კარგ გოგონას სჭირდება დახმარება…“ რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან გავგზავნე, ვინც ჩემი მეგობრის დახმარებას შეძლებდა, თუ ამის სურვილი გაუჩნდებოდათ. იყვნენ დახმარების მსურველები, ზოგი ნახატის ჩუქებას დაგვპირდა, ზოგმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ღონისძიების გამართვა შემოგვთავაზა. გამოცდებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, რეალური და სწრაფი დახმარება იყო საჭირო. ერთადერთი ადამიანი, ვინც  ეს საქმე თავის თავზე აიღო, იყო ანიტა რაჭველიშვილი. ანიტაზე ბევრი ვიცოდი, როგორც მომღერალზე, როგორც ადამიანზე კი მერე გავიგე. ჩემი მეგობარი დააფინანსეს. ანიტამ მთელი თანხის ჩარიცხვა თავის თავზე აიღო და ეს თანხა არ იყო ცოტა. მენდო მე, სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც ჩემთვის კი არა, სხვისი საჭიროებისთვის ვითხოვდი თანხას. ჩემმა მეგობარმა გააგრძელა სწავლა, დაამთავრა უნივერსიტეტი. მე კი ამ ყველაფრიდან ვისწავლე ყველაზე მთავარი, რომ ადამიანები ცვლიან ბედს, ცვლიან თუნდაც დიდი ძალისხმევის შედეგად, რაც უნდა რთული ჩანდეს და გეგონოს, რომ ვერ გაუმკლავდები, ვერაფერს იზამ. ანიტა რაჭველიშვილი კი დარჩა მაგალითი ბევრი რამის, ადამიანობის, სიკეთის, უსაზღვრო სიკეთის.

ჩემს აზროვნებაში კი დარჩა იმ ადამიანად, ვინც საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რისიც დღემდე უსაზღვროდ მწამს  -რომ ადამიანი, როცა ბედს არ ნებდება, მაშინ ის ამ ბედზე გაცილებით ძლიერია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g