LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „ბასიანი“ გრანდიოზულ საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება

129

19 მაისიდან  6 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ გრანდიოზულ საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება.

ტურნეს ფარგლებში პირველი ქვეყანა, რომელსაც ანსამბლი ეწვევა ჩინეთია, სადაც 19-დან 22 მაისის  ჩათვლით, „ბასიანი“ მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო მუსიკის გამოფენის” ფარგლებში გამართულ საერთაშორისო  მუსიკალურ  სიმპოზიუმში – “სარტყელი და  გზა”. სიმპოზიუმი  შენიანგის  კონსერვატორიაში (Shenyang Conservatory of Music)  ჩატარდება.

გარდა ამისა, ჩინეთში ანსამბლი „ბასიანი“ რამდენიმე სოლო კონცერტსა და ვორკშოფს გამართავს.

ჩინეთის შემდეგ ანსამბლი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 23 მაისს ვაშინგტონის  „მშვიდობის ინსტიტუტსა“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკის გაეროს სათაო ოფისში (ECOSOC Chamber UN) სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური მიწვევით, ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძის მუსიკალური პროექტი „Georgian Overtones” შესრულდება. პროექტში ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად,  ცნობილი  ქართველი და ამერიკელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ანსამბლი  საფრანგეთში გაემგზავრება. 4 ივნისს, UNESCO-ს სათაო ოფისში ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტი UNESCO-ს სათაო ოფისის 1500 კაციან დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. კონცერტს საფრანგეთისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა დაესწრება.

პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანადგომით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები