“შეზღუდვების პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეულ იდენტიფიცირებაზე. ბოლო თვენახევრის, ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, თუ სწორედ არის გაკეთებული, იგივე შედეგს იძლევა, რასაც ოქროს სტანდარტის პისიარ ტესტი. არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
“ორი თვის განმავლობაში რაც შეზღუდვები მიმდინარეობს, მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი უნდა გაორმაგდეს. ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი სხვა არის. ადამიანები, რომლებიც უსიმპტომო არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება, რათა გავწყვიტოთ ჯაჭვი და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება”.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს 350 000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომლის გამოყენებაც მიმდინარეობს.
“ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა აღარ ექვემდებარება გადამოწმებას. ეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით მოხდება. თუ არის უსიმპტომო, მაგრამ ანტიგენი არის დადებითი და ექიმი მიიჩნევს, რომ გადამოწმება საჭიროა, შესაძლოა გადამოწმდეს. მეორე შემთხვევაში, თუ არის გამოხატული სიმპტომები და ანტიგენი არის უაყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება გადამოწმდეს”, – განაცხადა მან.
მან იმედი გამოთქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ 10 000-ით გაიზრდება ტესტირება, მაქსიმალურად ადრე გამოვლინდება დაინფიცირებული პაციენტები და მათი იზოლირება მოხდება.
გამყრელიძემ ვაქცინის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანა გაერთიანებულია კოვაქს პლატფორმაზე. პირველი შენატანი გადახდილია, დაახლოებით 4 მლნ დოლარი იმ პირობით, რომ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა იქნება.
“ამ პლატფორმის მექანიზმი ამუშავდება დაახლოებით გაზაფხულზე, მარტ-აპრილში. ძირითადად დიდმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ვაქცინა და რა თქმა უნდა დაიწყება რისკჯგუფებით. გვინდა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე იყოს ხელმისაწვდომი ქვეყანაში ვაქცინა”.
ამირან გამყრელიძემ კრიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება:
“გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა – გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახულია და მზადების გეგმაც იყო”, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.