„საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც გადამწყვეტი ფუნქცია პარლამენტს უნდა ჰქონდეს, მმართველი უმრავლესობა მთავრობას ანიჭებს,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკონსტიტუციური და პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია მთავრობისათვის იმ დისკრეციის გადაცემა, როცა ის ქვეყანაში დრაკონულ შეზღუდვებს აწესებს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში შეზღუდვების დაწესება პარლამენტის პრეროგატივაა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რითაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
„მთავრობისთვის მინიჭებული დისკრეცია ანტიკონსტიტუციურია. არანორმალურ შეზღუდვებს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქმედებს, აწესებს მთავრობა და ამის დისკრეცია მას პარლამენტისგან აქვს მიღებული. ეს არის დაუშვებელი და პირდაპირ ანტიკონსტიტუციური.
საპარლამენტო რესპუბლიკაში ხელისუფლება პარლამენტში არც ერთხელ არ მოსულა, რომ თუნდაც თქვენთან, უმრავლესობასთან განეხილა, თუ რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ქვეყანაში. ეს არის პარლამენტის შეურაცხყოფა“, – მიმართა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
ცნობისთვის, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ – ამჯერად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.