ანტისაჰაერო სისტემის შეყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით ის ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება.
„მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები გვაქვს. თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ,”- განაცხადა იზორიამ.
ლევან იზორიამ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს დაიწყო ყველაზე ამბიციური პროგრამა – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.
„ავაშენეთ რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადიან სამხედრო საბრძოლო მომზადებას.
წელს ამოქმედდა სიახლე ახალი სარეზერვო სისტემის სახით. დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახალი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამი კვირის წინ გავხსენით. ამით პრაქტიკულად უფრო ეფექტურს ვხდით სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. წელს ასევე დავიწყეთ სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რომელიც შეეხო 2500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე მინდა აღვნიშნო ნატო-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს გვექნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, იყოს მიღწეული,” – განაცხდა იზორიამ.