LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკა მურვანიძის წარმატების ფორმულა და რჩევები, რომლებიც ყველა ქალს დააინტერესებს

595

ცნობილი ვიზაჟისტის, ანუკა მურვანიძის სახელი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია, ბრენდად იქცა. ამბობს, რომ ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია, ისევე, როგორც მისი სახელგანთქმული ოჯახის სხვა წევრებმა.

ანუკას შინ ვეწვიეთ და საკუთარი პროფესიის შესახებ სიამოვნებით გვესაუბრა, ასევე ძალიან გამოსადეგი რჩევებიც მოგვცა ვიზაჟთან დაკავშირებით.

ანუკა მურვანიძე:

ამ საქმით უკვე 23 წელია, დაკავებული ვარ. მინდა, ეს საქმიანობა განგვავითარო. სტუდენტებთან მუშაობა არ არის ადვილი, მათ მაქსიმალური ინფორმაცია სჭირდებათ და მინდა, ეს ჩემგან მიიღონ, რომ ჩვენი პროფესია იყოს დაფასებული. ეს სახუმარო ამბავი არ არის, ბევრი ამბობს, რა უნდა ფუნჯის დაჭერასო, მაგრამ როცა ჩემს სკოლაში მოდის, ხვდება, რომ რთული პროფესიაა. ვიზაჟისტის პროფესია ითხოვს ძალებს და დიდ ენერგიას, ამასთან, ნერვების მოთოკვას. ეს არის  სპეციალობა, რომელიც ფსიქოლოგის უნარ-ჩვევებსაც მოითხოვს. საკმაოდ ბევრი საუბარი მიწევს დასარწმუნებლად, რომ გოგონა, რომელსაც მაკიაჟს ვუკეთებ, ლამაზია. ძალიან დიდი კომპლექსები აქვთ გარეგნობასთან დაკავშირებით. თინეიჯერ გოგონას შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული კომპლექსები, მაგრამ 25 წლის და უფროსი ასაკის ქალსაც იგივე პრობლემა რომ აქვს, ეს არ არის კარგი. ხშირად მეუბნებიან, ეს და ის უნდა გავიკეთოო. ჩემთვის ულამაზესი ქალი შარლიზ ტერონია, რომელსაც იდეალური ტანი აქვს, მე და კიდევ ბევრ სხვასაც ასეთი ტანი არასდროს გვექნება… ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ, რომელიც მხოლოდ გარეგნობით არ იქმნება. ახალგაზრდობა, სამწუხაროდ, შინაგან და გონებრივ სამყაროს არ აქცევს ყურადღებას. მათთვის მთავარია, როგორი მაკიაჟი აქვთ და როგორ გამოიყურებიან.

თქვენ აკეთებთ როგორც ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო მაკიაჟს, ასევე გრიმებს. როგორ უნდა ჩაეწერონ თქვენთან?

ჩაწერა შესაძლებელია ჩემთან დარეკვით, სასურველია, ორი კვირით ადრე მაინც. ვმუშაობ მოდაში, თეატრში, გადაღებებზე, კინო თუ ფოტოსესიებზე. მყავს გოგონები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ და როცა დაკვეთაა, მათაც ვუშვებ სხვადასხვა ადგილას. ხანდახან გუნდურადაც ვმუშაობ, ასე ვთქვათ, ბრიგადით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მყავს გუნდი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და საკმაოდ სწრაფად მუშაობს.

8e0aa531-d71d-406c-9501-f2b2ed7317abთქვენი გაკეთებული გრიმები ბევრს გვინახავს და ამ სფეროში პირველი ხართ. ვისაც უნდა საახალწლოდ გრიმი, პირველ რიგში, თქვენი სახელი ახსენდება. ამას როგორ მიაღწიეთ?

დიდი მადლობა (იღიმის). ამას დიდი შრომით მივაღწიე. არ დამიშურებია ენერგია და მასალები, რომ გრიმი მაღალ დონეზე შემესრულებინა. შესაძლოა, მე თქვენთან ინტერვიუში კარგად ვილაპარაკო, მაგრამ მომხმარებელს კარგი ხარისხი თუ არ შევთავაზე, მეორედ აღარ მოვა. ამას ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, ხარისხი, კარგი ურთიერთობები და დაუზარელი შრომა – ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ.

ვარსკვლავგოგონა არასდროს ვყოფილვარ. კარგი ოჯახიშვილი ვარ, მაგრამ მომიწია იმის დამტკიცებამ, რომ თავად შემეძლო რაღაცის გაკეთება. არასდროს მითქვამს, რომ მედიკოსა და კოტეს შვილიშვილი ვარ. ახლა უკვე ყველამ იცის და ვერც დავმალავ, მაგრამ ახლა არც არის საჭირო დამალვა. არ მჯერა იმის, რასაც ბებიკო და ბაბუკო, დედიკო და მამიკო გაგიკეთებენ. სხვათა შორის, ყველა ასეა ჩემს ოჯახში. არავის არ დასჭირვებია ჩაწყობა, გადარეკვა… ამით ვართ ცნობილები. მე და დედა ვამბობდით ამას წინათ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე და არავინაა „დაკარგული“. ოჯახში ისეთი კრიტიკა გვაქვს, ჯობს, ზოგჯერ ჰარაკირი გაიკეთო და მოკვდე (იცინის). დედა ჩემი პირველი კრიტიკოსია. იშვიათად უთქვამს, ყოჩაღო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელშეწყობა შექებას არ ნიშნავს.

მთელი ცხოვრება მინდოდა სტუდია და ის მაქვს, მყავს ჩემი გუნდი, სტილისტები, ვიზაჟისტები, გრიმიორები.ეს მქონდა დაგეგმილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰოლანდიიდან დავბრუნდი.

თქვენთან მაკიაჟის ფასი საიდან იწყება?

პირდაპირ ვიტყვი, ჩემთან არ არის დაბალი ფასები. ყოფილა გრიმი, რომელიც 300 ლარად გამიკეთებია და ხუთ საათს მიმუშავია. ესეც ძალიან იაფია, მაგრამ გამოვდივარ იმ ბაზრით, სადაც ვმუშაობ.

მინდა, გკითხოთ მასალებზე…b8de8898-9a08-43cb-be01-911eaaebacd8

ძირითადად, ვმუშაობ გერმანული ბრენდით „კრიოლანი“. ჯერ კიდევ ჰოლანდიაში სწავლისას აღმოვაჩინე. გრიმში მას ბადალი არ ჰყავს. მაკიაჟიც გამოუშვეს და საოცარი ხარისხია. საკმაოდ ნორმალური ფასები აქვთ. ერთ-ერთ კომპანიას ჩამოაქვს და ჩვენ ვმეგობრობთ. ჩემს სკოლას ამ ბრენდზე ექსკლუზივი აქვს. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ეს ბრენდი თბილისშია, რადგან მისი გამოწერა არ არის ადვილი. დიდხანს რჩება კანზე, არ იწვევს ალერგიას, ბევრჯერ გამიგია ფოტოგრაფებისგან, რომ ამ მასალით მუშაობისას ფოტოშოპი ფაქტობრივად, აღარ სჭირდებათ. ეს არის ბრენდის კარგი მხარე. მაქვს ეს ფუფუნება, რომელსაც ჩემს მომხმარებლებს არ ვაკლებ.

გაგვიზიარეთ 2016 წლის მთავარი ტენდენციები მაკიაჟის კუთხით.

უამრავი ტენდენციაა და შეგიძლია შეარჩიო ინდივიდუალურად. მთავარი ტრენდია დასაკრავი წამწამები, გაფართოებული, მეტყველი თვალებისთვის. თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, მაგალითად, ღია ფერის თვალებს უხდება ბრინჯაოსფერი ჩრდილი, იმავე შეფერილობის ფანქარიც, შესაძლოა, ოდნავ მოისამნისფროშიც გადასული. შავ თვალს ძალიან უხდება ღია ტონალობები, ცისფერ თვალს – შავი ჩრდილი, რომელსაც საქართველოში ყველა იკეთებს და ამას ძალიან ვეწინააღმდეგები. ე.წ. „სმოუქი აისი“ ყველას არ უხდება და ის მხოლოდ შავი არ შეიძლება იყოს. ამისთვისაა საჭირო ვიზაჟისტი, რათა ზუსტად შეარჩიოს ფერები.

ასევე ტრენდულია მუქი პომადები და დიდხანს იქნება (იღიმის). ბევრს არ უხდება. ის უნდა წაისვათ მსხვილ ტუჩზე. მუქი ტონალობის პომადა ძალიან ღია კანს უხდება, ჩვენ კი ხორბლისფერი პიგმენტი გვაქვს. ტრენდულია მუქი ყავისფერი, იასამნისფერი… ეს ფერები საკმაოდ აუხეშებს და არ არის სექსუალური. მუქი იასამნისფერი გოთებიდან მოდის, უნდა გეცვას შავები, გქონდეს ბევრი პირსინგი. როცა ჩვეულებრივად გაცვია და მუქი პომადა გისვია, ერთმანეთს არ მოუხდება. გარდა ამისა, ყველა ქართველ ქალს უნდა აზიდული თვალები. ეს არის სტერეოტიპი, რომელიც მომავალში აღარ იქნება მოდური. ჩემი რჩევაა, სეზონებს მიაქციონ ყურადღება, ზამთარში გარუჯული სიარული არ არის მიღებული, გარუჯულ სახეზე მუქ პომადას გადაისვამენ ტუჩზე, თვალებზე – „სტრელკებს“, მე კი ასეთი მაკიაჟი არც ერთ ბრენდში არ მინახავს (იცინის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g