„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს“, – ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერი განაცხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ელჩმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს. აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა ფიშერმა.
ფიშერმა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.
„აქ იმისთვის ვარ, რომ 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მივაგო. მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვარ“, – უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.
გერმანიის ელჩის მემორიალთან მისვლის დროს, ადგილზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან ისმოდა შეძახილები, „მადლობა, მადლობა“.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აქციის მონაწილეებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს და შეძახილების ფონზე „მადლობა, მადლობა“ გააცილეს.
ცნობისთვის, მანამდე მემორიალთან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
სლაიდზე კადრი „ნეტგაზეთის“ ვიდეოდან.
