პრემიერის თქმით, თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას ადგილზე, რათა გაავრცელოს, რომ საქართველო იქნება ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს ტურისტების ნაკადი, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გათვალოს.
„გუშინ მე ვესაუბრე დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩს. ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი. შემდგომ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. კარგად მიდის საბერძნეთთან. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან ექნებათ ხელში ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს ტურისტები, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გათვალოს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ საქართველო ერთბაშად დიდი ოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, თუმცა არც მსოფლიოში იქნება მასშტაბური ტურისტული გადაადგილებები.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ამ კრიზისის შემდეგ, როგორც ტურისტული ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,” – დასძინა პრემიერმა.
