რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები შიმშილობის აქციას წყვეტენ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციასა თუ ჯგუფს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა სისტემის მიერ ჩაგრულ უჩა ხვთისიაშვილს და რკინიგზელების ნამდვილ პროფკავშირულ მოძრაობას – რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს! 1 აგვისტოდან მოყოლებული, საზოგადოებამ ნახა თუ რამდენად თანმიმდევრული და ადეკვატური იყო ჩვენის მხრიდან ბრძოლის ის ეტაპები, რომელიც რკინიგზელებმა გაიარა. სამწუხარო და საგანგაშოა თავად რკინიგზის ადმინისტრაციის საპასუხო ქმედებები, რომელმაც საბოლოო ჯამში, რიგითი კოლექტიური შრომითი დავა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულად იგნორირების ხარჯზე, ჩიხში შეიყვანა და საკუთარი თანამშრომლები სასიკვდილოდ გაწირა! რკინიგზელებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, არაერთი ბრძოლა გაუმართა იმ კლანურ და უპასუხისმგებლო სისტემას, რომელიც დღეს, სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზას ძარცვავს! ამ დრომდე გვჯეროდა, რომ ჩვენი ეს ბრძოლა, ჩაგვრისა და უკანონობის წინააღმდეგ, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე მდგარი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერილი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები დღემდე არ რეაგირებენ! რკინიგზის დეპარტამენტის წინ, 18 დღიანი შიმშილობის აქციამ, ნათლად დაგვანახა რამდენად ღრმად და საფუძვლიანად აქვს საქართველოში აღნიშნულ კლანურ დაჯგუფებებს ფესვები გადგმული , რამდენად გავლენიან და საშიშ ძალასთან გვიწევს დაპირისპირება! თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება, იარაღად იქნა გამოყენებული ერთი კახელი მუშის, რკინიგზელი უჩა ხვთისიაშვილის და ნამდვილი პროფკავშირული მოძრაობის – რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წინააღმდეგ! ჩვენმა თავგადადებულმა ბრძოლამ – რკინიგზელებს და პირველ რიგში საზოგადოებას ნათლად დაანახა ყველა ის სისტემური ხარვეზი, რომელიც აფერხებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ და დემოკრატიული განვითარებაის გზაზე!
პროკურატურა, სუსის აგენტურა, პოლიციური რეჟიმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაკომპეტენტური და მართული მედია გარემო, შრომისა და ჯანმრთელობის პოლიტიკა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები, უფუნქციოდ დარჩენილი შრომის დეპარტამენტი, მედიაციის ინსტიტუტი, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, კანონის აღსრულების მექანიზმი და ა.შ. სამწუხაროდ პრობლემების სია დაუსრულებლად გრძელდება… ქვეყნის მმართველობაში არსებული, იმ სისტემური პრობლემების დასამარცხებლად, რომელიც ცხადი და ხილული გახადა რკინიგზელების ბრძოლამ, საჭიროებს მშრომელთა მოძრაობის, პროფკავშირული გაერთიანების კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს კარგად ესმის იმ კლანს, რომელსაც ვუპირისპირდებით და სწორედ ამიტომ, ბრძოლის ველი, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მისამართით გადაიტანეს!
ბოლო დღეებში, ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორი ბინძური და უხეში მეთოდით აპირებენ საქართველოში ნამდვილ და ევროპული საერთო პროფკავშირული მოძრაობის სამუდამოდ დასამარებას!
სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები ვაცხადებთ: 1. ვწყვეტთ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციას; 2. ვიღებთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას და ვიწყებთ არსებულ კოლექტიური შრომით დავაზე სამართლებრივი ბრძოლას; 3. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივ ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, ვერთვებით პროფკავშირული მოძრაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში; იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა” – ნათქვამია განცხადებაში.