შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მათ მიერ დაკავებული ტერიტორია არ გაათავისუფლეს, შესაბამისად ძალისმიერი მეთოდებით იძულებულნი გახდნენ აქცია დაეშალათ. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“ – ნათქვამია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების თქმით, საპოლიციო ძალების ჩარევით საკანონდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება მოხდა. პოლიცია პროტესტის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, სულ 28 ადამიანი დააკავეს. ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანარჩენები კი 166-ე მუხლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ცნობილია, სამმა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.