პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინ საზოგადოებამ ნახა, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და კონსტიტუცია არ მუშაობს.
მისივე განცხადებით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები სისხლის სამართლის დანაშაულია და არ აქვს მნიშვნელობა „დანაშაულს სასულიერი პირი ჩადის, თუ რიგითი მოქალაქე“.
ბესელიას განმარტებით, დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. რაც შეეხება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მუშაობას, ბესელიას თქმით, „ძირითადად მიშვებული იყო პროცესი, რაც ძალიან ჰგავდა, მიზანმიმართულ ძალადობრივი აქტის მხარდაჭერას“.
„არ მეგულება ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ქვეყნის კონსტიტუციას, ქვეყნის სამართლებრივ წესრიგში ყოფნას და მას მოსწონდეს ეს ძალადობა. თუ ვინმე ამ ძალადობას ამართლებს და რაიმე არგუმენტით ამბობს, რომ „აბა რა უნდა ექნათ“, ის არის ამ ძალადობის თანამონაწილე.
როგორც არ უნდა მოგწონდეს, რომელიმე სოციალური ჯგუფი ან თემი, განსხვავებული ადამიანი, თავისი ცხოვრების წესით თუ გარეგნობით, არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის კონსტიტუცია ამბობს, რომ არავის დისკრიმინაცია არ შეიძლება და კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი. ვინც ამ პრინციპს გადააბიჯებს, ნებისმიერი ასეთი ადამიანი ხდება დამნაშავე, კანონდამრღვევი.
გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს, ხელისუფლება არ არის, კონსტიტუცია არ მუშაობს. ვნახეთ უსაშინლესი სისასტიკე ჟურნალისტების, ქალების, ასევე არასრულწლოვნების მიმართ.
ადამიანები, რომლებიც გუშინ, სამშობლოს, ეკლესიის და მორალის სახელით ძალადობნდნენ, სწორედ იმ პრინციპებს აბიჯებენ, რა პრინციპებსაც უნდა იდგეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და რელიგია.
სამართლებრივ ჭრილში რომ შევხედოთ, გუშინდელი მოვლენები არის სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიტიკურ ჭრილში ეს არის უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირი გადადგებოდა თანამდებობიდან. რაც შეეხება რელიგიურ ჭრილს, ჩემი რელიგია არ არის ძალადობის რელიგია, რომელიც სხვებს დასდევს ქვებით, კეტებით და კომბლებით დასდევს. მე არც ის არ მომწონს საპატრიარქოს რომ ლანძღავენ და ყველას ერთად აყენებენ შეურაცხყოფას. იქაც არის კარგი და ცუდი, როგორც ყველგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიის წინამძღოლს ილია მეორეს არ მოსწონს ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ძალადობს, თუ რიგითი მოქალაქე. სასულიერო პირს უფრო მეტი მოეთხოვება, რადგან ის მაგალითის მიმცემია სიყვარულის და მიმტევებლობის.
პროვოკატორი იყო პირველი კობახიძე, რომელმაც პირველმა გააჟღერა, რომ ასეთი გამოხატვის უფლება არ ჰქონდათ ლგბტ+ ადამიანებს. შემდეგ პრემიერის განცხადება იყო მაპროვოცირებელი და რა თქმა უნდა ხელისუფლება.
სად იყო გუშინ ხელისუფლება? სად იყო პარლამენტის თავმჯდომარე? სად იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული კომიტეტი? სად იყვნენ შემალულები? რატომ არ გამოვიდნენ იმ უკანონობის დროს? ვინმეს ჰგონია, რომ ეს ვაჟკაცობაა? გუშინ ძალადობდნენ ქალებზე, ჟურნალისტებზე,თავები დაუხეთქეს… ვინმეს ჰგონია, რომ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინეთ და სარწმუნოება გადავარჩინეთ? ეს ყალბი9 პატრიოტიზმია. ვისაც ეს მოსწონს მის შინაგან ბუნებაში იმალება ლატენტური მოძალადე.
ძალიან ცუდად შევაფასებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. ცალკეული პოლიციელები იქცეოდნენ ძალიან პატიოსნად, მაგრამ ძირითადად მიშვებული იყო პროცესი და ძალიან ჰგავდა, მიზანმიმართულ ძალადობრივი აქტის მხარდაჭერას, არ იყო საკმარისი რაოდენობით პოლიცია მობილიზებული“, – აცხადებს ეკაბესელია.