LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული, რომ მიწების გადაფორმება გარკვეულმა ჯგუფმა მოასწრო – ანა დოლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

7-5

იურისტი ანა დოლიძე, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ორგანომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

პირველ შეცდომად ანა დოლიძე, 2012 წლის გადაწყვეტილების გამეორებას ასახელებს.

როგორც მან „ფორტუნასთან“ განაცხადა, საკუთრების უფლებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთს გაუთანაბრო უცხოელი და საქართველოს მოქალაქე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება და მცდარია.

 „ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იყო გამეორება იმისა, რაც 2012 წელს თქვა სასამართლომ, რომ თანაბარუფლებიანი არის საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, უცხოელი და საქართველოს მოქალაქე. მაშინ გააუქმა საკონსტიტუციომ პირველი მორატორიუმი მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე, ახლა კი, გაიმეორა ის.

არადა ძალიან დიდი ხანია, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული, სადაც არა თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორი ინგლისელი, ერთი ინგლისში მცხოვრები და მეორე მის გარეთ, არ იყო გათანაბრებული პენსიის მიღების საკითხში, რადგან მათი პირობები სხვადასხვაა.

ანუ, სრულიად მცდარია და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ჩამორჩება მიდგომა, რომ საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, მოქალაქე და არამოქალაქე, მსგავს უფლებებში უნდა ჩავაყენოთ,“ – აცხადებს ანა დოლიძე „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, პრობლემა არის ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ ვერ დაინახა და ცალკე ჯგუფად არ გამოყო ექსპატრიანტები.

 „ბოლო გადაწყვეტილებაში, სასამართლოს მიმართეს ბერძნებმა, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ საქართველოში და აქ ჰქონდათ დატოვებული ქონება.

სინამდვილეში, ეს არის ადამიანების ცალკე ჯგუფი და კარგი იქნებოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვა თავის გადაწყვეტილებაში, რომ მათ უფლებებს სჭირდება მოწესრიგება,“ – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების აზრს, ანა დოლიძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ, უბრალოდ გამოიყენა ის პატარა ორკვირიანი ფანჯარა, რომელიც მას კონსტიტუციურ ცვლილებებამდე ჰქონდა დარჩენილი.

"მოსამართლეებმა ფეხი დაუდეს ხელისუფლებას" - კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დემარშზე საუბრობს

კობა დავითაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაიქცა პოლიტიკურ ორგანოდ და სასამართლოების რეფორმა აუცილებელია

იურისტის თქმით, თავისუფლად შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილებით, ესარგებლათ გარკვეულ პირებს. ანა დოლიძე განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დარეგისტრირებას სულ 4 დღე სჭირდება, თუ ამას პირი დაჩქარებული წესით მოითხოვს 1 დღეც საკმარისია.

„ხომ ვიცით, რომ ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შედის კონსტიტუციური ცვლილებები, იქ განსხვავებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული უცხოელი და საქართველოს მოქალაქე, საკონსტიტუციოს პატარა ფანჯარა ჰქონდა დარჩენილი და გამოიყენა. ერთი კვირითაც რომ დაეგვიანებინა სასამართლოს, ეს თემა იქნებოდა ამოწურული, აზრს დაკარგავდა მისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, არ არის შეუძლებელი, ამ პერიოდში საკუთრების დაკანონება, ამის გაკეთება დაჩქარებული წესით 1 დღეშია შესაძლებელი, ისე კი 4 დღეში. ეს არ არის ძალიან დიდი ჯგუფი, თუმცა რაღაც ჯგუფი მაინც არის, რომელმაც შეძლო ან შეეძლო ამის გაკეთება.

ამ ჯგუფმა ისარგებლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,“ – განმარტავს ანა დოლიძე „ფორტუნასთან“.

17 დეკემბრიდან ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და იანვარში კი, პარლამენტი მიიღებს შესაბამის ორგანულ კანონს, რომელიც ანა დოლიძის აზრით, სერიოზულად მოსაწესრიგებელია, რადგან შესაძლოა, მასში კორუფციული ხვრელები დარჩეს.

იურისტი ამ საკითხზე პარლამენტისთვის საკუთარი წინადადებების შეთავაზებასაც აპირებს.

 

პოპულალურები