LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გადამცეთ თურქეთს: დემირელის კოლეჯის მმართველი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

97

 

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით, თბილისში დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს.

ბრალდებული ქართულ სასამართლოს სთხოვს, მისი თურქეთში ექსტრადირება არ განხორციელდეს.

„არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ. ჩემს ცხოვრებაში პატარა დანაც არ მიტარებია. ახლა თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და ვთხოვ, ქართულ მხარეს არ გადასცეს ჩემი თავი თურქეთს. არანაირი შეტყობინება არ ჩამბარებია, რომ მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დღევანდელ პროცესზე.

 

თურქეთის ხელისუფლების ანგარიშსწორება

ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება, მას აბსურდულს უწოდებს და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

„თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებას უკავშირებს. თურქულმა მხარემ მისი ექსტრადირება უკვე მოითხოვა. ჩაბუქს თურქეთში 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს“, – განუცხადა ბარათაშვილმა „ფორტუნას“.

ბრალდებას აბსურდულსა და სიცრუეს უწოდებს დემირელის სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი სოფო ნიკურაძეც. ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამ ფაქტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ფეთჰულა გიულენს შორის დაპირისპირებას უკავშირებს, თუმცა განმარტავს, რომ დემირელის სკოლას გიულენთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი შეიფაროს და მისი ექსტრადირება არ დაუშვას. ასევე ითქვა ჩვენს სკოლაზე, თითქოს საფრთხის შემცველია და ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია. ეს არის პოლიტიკური სარჩული. ამ გადაწყვეტილებით შეილახა, როგორც ამ ადამიანის, ასევე სკოლის, მოსწავლეებისა და მასწავლებლების იმიჯი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ  დადგა, გაგრძელდება თუ არა სკოლის საქმიანობა.  არის საფრთხე, სკოლამ  ფუნქციონირება შეწყვიტოს, იმ მიზეზით, რომ თითქოს ამ სკოლაში ტერორისტები იზრდებიან“, – დასძინა სოფო ნიკურაძემ.

 

სკოლა არ დაზარალდება

დემირელის სკოლის მმართველის დაკავებას სკოლის ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნასთან ვერ აკავშირებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

„არ მგონია, რომ ამ ადამიანის დაკავებამ სკოლის ფუნქციონირებას პრობლემა შეუქმნას და მეორე, დემირელის სკოლას ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, როგორც დანარჩენ 3 000 სკოლას“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

magti 5g