მომღერალი გია ბაღაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ოთხ ქალიშვილზე და მათთან ურთიერთობაზე ვრცლად საუბრობს.
მისი თქმით, „საოცრებაა ოთხი ქალიშვილის მამობა“.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუდან.
„ნინიც, ლიზაც, მარიამიცა და ანასტასიაც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ისინიც ასევე თვლიან და შესაბამის დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მამიკოს მიმართ. თითქმის მთელ თავისუფალ დროს პატარებთან ერთად ვატარებ. არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა. კონცერტი თუ სხვა. აღარაფერს ვამბობ დაბადების დღეებსა, თუ საოჯახო დღესასწაულებზე. თან ჩემი ოთხივე შვილი დადის სკოლაში, რომელიც ჩემ სამსახურთან ძალიან ახლოსაა. ასე რომ დღის განმავლობაშიც ვახერხებ ხოლმე სკოლაში შევლას. ჩემს ბავშვობაში ასეთი ტერმინი ჰქონდათ მასწავლებლებს, „აქტიური მშობელი“, ასეთად ჩამოვყალიბდი და მინდა გითხრათ, ამქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება არ მეგულება.“, – ამბობს გია ბაღაშვილი.
გია ბაღაშვილის თქმით, მის ოთხივე გოგონას მუსიკალური ნიჭი აქვს.
„მუსიკალური ნიჭი ოთხივეს აქვს. ძალიან მიხარია, რომ ოთხივე მათგანი ჩემი მშობლიური სკოლის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედის მოსწავლეები არიან. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, აირჩევს თუ არა რომელიმე მათგანი მუსიკას პროფესიად. ინტერესები მრავალმხრივი აქვთ“. – აღნიშნა მუსიკოსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულში შვილებთან ერთად გეგმავს დასვენებას.
„ზაფხულობით ჩვენ საგურამოში ვართ ხოლმე, სადაც მამაჩემი, მე და ჩემი ოთხი გოგონა მართლაც დიდებულ დროს ვატარებთ. მამაჩემისთვის ერთი დიდი ბედნიერებაა შვილიშვილებთან ერთად ყოფნა, მათთან თამაში, საუბარი. პატარებსაც გამორჩეულად უყვართ და აქვთ ერთი სიამტკბილობა. აგვისტოში, როგორც წესი, ზღვაზე მივდივართ ხოლმე, შეკვეთილში და წელსაც იმავეს ვგეგმავთ.“, – ამბობს ბაღაშვილი.