LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა გამორიცხული და შეუძლებელია – ნინო ლომჯარია

198
ნინო ლომჯარია

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდის გვაქვს მიმართვა გაკეთებული პენიტენციური სამსახურისთვის, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით: როდესაც იყო ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მკურნალობის შესაძლებლობაც საქართველოში არ იყო. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკული პაციენტებია. შესაბამისად, სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ასეთი რეკომენდაცია გავცეთ, დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია საქართველოში მისი მკურნალობა. პენიტენციური სამსახური უნდა ეცადოს მას შესთავაზოს საქართველოში ადეკვატური მკურნალობის სერვისები და საშუალებები, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი და მისი მდგომარეობა დამძიმდება, მე, როგორც უფლებადამცველს, უკვე შესაძლებელია განვიხილო ალტერნატიული ვერსიები, როგორც რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში არის გამორიცხული და შეუძლებელი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თაობაზეც და განაცხადა, რომ გვარამიას შეწყალება „ბევრ რამეს შეცვლიდა.“

„გვარამიას შეწყალება ბევრ რამეს შეცვლიდა. თუნდაც, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შესაძლოა ისეთი კრიტიკული არ ყოფილიყო, რომ არა ეს განაჩენი. ალბათ, ეს მათთვის იყო ბოლო წვეთი, რომ მედიის თავისუფლების საკითხებზე მიეღოთ რეზოლუცია და დებატები გაემართათ. ამ განაჩენმა გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ევროპარლამენტში იმ ძალიან კრიტიკული დებატების და რეზოლუციის მიღებას“, – განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადასადგმელად, შესაძლოა შესაფერის მომენტს ელოდება.

„შეიძლება ის გარკვეულ, შესაბამის მომენტს ელოდება, ან ელოდება, რომ ეს საკითხი მოხსენიებული იქნება ხვალ კომისიის დასკვნაში, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაცია. შესაძლოა თვლის, რომ ეს პოლიტიკურად იქნება მისთვის უფრო არამომგებიანი გადაწყვეტილება. ერთი გადაწყვეტილება პროცესს, რა თქმა უნდა, ვეღარ შეცვლის, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი იქნებოდა. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება-არ შეწყალებაზე გადის ეს ყველაფერი, ევროკავშირი ამის მიხედვით აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, მან უბრალოდ შეხედა, როგორ იქცეოდა საქართველოს ინსტიტუტები“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g