LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მჭირდება ადვოკატი, მე მინდა მარტო ვიყო“ – რა თქვა სასამართლოზე კაცმა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა

903
საპატრიარქოს ეზო

„არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო“, – ამის შესახებ საპატრიარქოსთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა, როსტომ მაზმიშვილმა განაცხადა.

მოსამართლემ მას კითხვით მიმართა სურდა თუ არა მისი ინტერესები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

„არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მაგრამ მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

საბოლოოდ ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა, მისი უფლებები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

„იმის ახსნა მინდა, რატომ ჩავიდინე ეს ქმედება და ამ კითხვას ველოდები“,- განაცხადა საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა.

მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ. დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს“,- განაცხადა ბრალდებულმა.

მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებდა, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.

დღეს როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

როგორც საქმის პროკურორი, ირაკლი ყვავაძე განმარტავდა, დანაშაული თავისი სპეციფიკით და შინაარსით განსაკუთრებული საშიშროების არის და იმის საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს, არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ყვავაძის თქმითვე, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს.

დაკავებულის ადვოკატის, ილია ნაცვლიშვილის განმარტებით, ბრალდება არასწორად არის წარდგენილი და ბრალდების პოზიცია, რომ ის იარაღის გამოყენებით ახორციელებდა ქმედებას, არასწორია, რადგან ადვოკატის თქმით, იარაღად პლასტმასის ბოთლი ვერ ჩაითვლება. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g