LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამძიმარს ვუცხადებთ ხიზირის მშობლებს და თანავუგრძნობთ ინგუშ ხალხს… საოცარია ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება, ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა“ – საპატრიარქოს სამძიმარი

858
საპატრიარქო

8 წლის ინგუში ბიჭის, ხიზირ დერბიჩევის ტრაგიკულად დაღუპვის გამო საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს და ინგუშ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ინგუშეთში იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა, თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა.

„ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს.

ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს. ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ.

პატარა ინგუშმა ბიჭმა, ხიზირ დერბიჩევმა მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღო.

მართლაც, საოცარია ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება. ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა. ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და, დიდ მწუხარებასთან ერთად, სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა. მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა, თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა.

ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ხიზირის მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. ნუგეში და მხნეობა მიმადლოს მათ უფალმა.

თანავუგრძნობთ მთელ ინგუშ ხალხს, ძლიერ და მედგარ ერს, რომელმაც, თავის მხრივ, ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის…რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში!“ – მამა ირინეოს შენგელია სამძიმრის წერილს ავრცელებს

ცნობისთვის, შემთხვევა 15 ივნისს მოხდა. ბავშვი მდინარეში მას შემდეგ გადახტა, რაც დაინახა, რომ მისი მეგობარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ხიზირმა მოახერხა მეგობრის დინებიდან გამოყვანა და მისი გადარჩენა, თუმცა თავად ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა.

სამძებრო ოპერაციაში, საგანგებო სამსახურებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა 20 000-ზე მეტი მოხალისე მთელი რეგიონიდან. ხიზირ დერბიჩევის ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები