„პოლიტიკური დიალოგის შექმნა არის რთული, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით ჩვენ რაიმე გარღვევას მოვახდენთ, მაგრამ სულისკვეთების დემონსტრირებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღეც“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, მან პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღო და მას დაესწრება.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე და ვფიქრობ, დღეს როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საჭიროა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლარიზების რეჟიმიდან და ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება ამ ყველაფერში. ვფიქრობ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც დაპატიჟებული არიან ამ მიღებაზე, მიიღებენ ამაში მონაწილეობას.
თუმცა, მე არ ვიცი, ვინ არის დაპატიჟებული, ვინ გეგმავს, რომ დაესწროს ან უარი თქვას. ყველას გვესმის, რომ პოლიტიკური დიალოგის შექმნა არის რთული, კომპლექსური, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ხვალინდელი მიღებით ჩვენ რაიმე გარღვევას მოვახდენთ, მაგრამ სულისკვეთების დემონსტრაციისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღეც,“- განაცხადა სამადაშვილმა.
აღნიშნულზე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმაც გააკეთა და თქვა, რომ მიწვევისთვის მზად არიან, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.
„პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთობლივად დაძლიოს თავისი გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ჩვენ მიწვევისთვის მზად ვართ, არა საზეიმოდ არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. როგორც ცნობილია პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.