LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა დავუშვა, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს – ბექა დავითულიანი

72
beqa-davituliani

დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სამივე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო გამორჩეულად, ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საქართველო ამას იმსახურებს, როგორც ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ისე კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. იმიტომ, რომ საქართველო არის ერთგვარი საზღვარი ევროპის და ამ რეგიონში უფრო ევროპელი ხალხი მეტი არ ცხოვრობს; იმსახურებს იმით, რომ საუკუნეებია, ამ სივრცისკენ მიილტვის და ევროპული ოჯახისკენ ჩვენი სწრაფვა მართლაც საუკუნეებს ითვლის“, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსზე უარი ძალიან მძიმე სიგნალი იქნება.

„თუ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ევროპამ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ისინი აგზავნიან სიგნალს რუსეთისთვის, რომ რეგიონში ასუსტებენ საკუთარ გავლენას და ინტერესის სფეროს თმობენ. გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს იქნება ევროპის და მთლიანად დასავლეთის მარცხი ამ რეგიონში, რომელშიც მათ შორის, ჩვენთან ერთად, მათაც დიდი ძალისხმევა და კაპიტალი აქვთ ჩადებული, როგორც პოლიტიკური და მორალური, ისე ფინანსური“, – აღნიშნა დავითულიანმა.

შეკითხვაზე, უშვებს თუ არა მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შესაძლებლობას, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ მას ამის დაშვება არ სურს.

„მე უბრალოდ, ვხედავ და ვაანალიზებ იმ კონტექსტს, რაც არის; ვხედავ იმ გზავნილებს, რომელიც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერისგან ჟღერდება ხოლმე და ამის გათვალისწინებით ვამბობ. მე არ მინდა, ვიფიქრო და არ მინდა, დავუშვა ის, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე ახლაც, რათა ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რითაც სუფთა სიმბოლური თვალსაზრისით ის აღიარებს საკუთარ ინტერესებს და გავლენას ამ რეგიონზე. თუ ის ამას არ იზამს, ეს იქნება ზუსტად იგივე ტიპის სიგნალად მიღებული რუსეთის და საერთოდ, ჩვენ რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდან, როგორ სიგნალადაც მივიღეთ 1921 წელს, როდესაც გავიდა ანტანტაც და გერმანიაც საქართველოდან და დაუტოვეს კავკასია რუსეთს და მაშინდელ სხვა დიდ სახელმწიფოს გასაყოფად; ეს იქნება სიგნალი, როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ვერ გაბედეს მაპ-ის მონიჭება და ამას მოჰყვა აგვისტოს ომი. აღარ მინდა, კიდევ რაღაც ტრაგიკული ისტორიები და შეცდომები გავიხსენო, შეცდომა თუ ჰქვია ამას ევროპის. არ ვიცი, შეიძლება, შეცდომად აღარც ჩავთვალოთ, თუ მესამედ კიდევ ამ ტიპის შეცდომა დაუშვეს. ეს იქნება არა მხოლოდ მათთვის სიგნალი, არამედ ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვისაც სიგნალი იქნება, რომ საითაც მიისწაფის, იმ ხალხს არ უნდიხარ. დაახლოებით, ასე იქნება აღქმული“, – განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, მართლმსაჯულება გახდეს საქართველოსთვის ერთგვარი გამოწვევა კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ვერავითარი ასეთი საბაბი ვერ იქნება გაყიდული რეალურ მიზეზად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g