LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ქვეყანა ციხედ აქციო: რაში სჭირდება მთავრობას “დააფეთე და იბატონეს” პრინციპი

283
FORTUNA.GE (42)

9 ივლისი, 2020 წელი. წინა დღეს მინისტრები გვეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა 7 ივლისს საზღვრები ნელ-ნელა იხსნება, ზოგ ქვეყანასთან პირობით, ზოგანაც უპირობოდ. მთავრობა ავიაკომპანიების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა რიგითი მოქალაქეები, ალბათ მაინც ვერსად გაემგზავრებიან, ვერც შემომსვლელ ტურისტებზე აკეთებენ დიდ და დამაიმედებელ პროგნოზებს.

5 ქვეყნიდან კარანტინის გავლის გარეშე შემოვლენ (თუ წინასწარ შეავსებენ სპეციალურ ბლანკს და არ ექნებათ კოვიდ 19), სხვა ქვეყნებიდან კი სხვადასხვა პირობით [ამას მომდევნო დღეებში გავიგებთ].

 

ჩნდება უამრავი კითხვა:

  • რატომ გაიხსნა საზღვრები, თუ ქვეყნის დახურვით გადავურჩით ეპიდემიას და თუ ამით მოგებას მაინც ვერ ვნახავთ?
  • და რატომ ჩააყენა მთავრობამ საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეები სხვადასხვა პირობებში?

 

“ფორტუნასთან” ამ გადაწყვეტილებების ახსნას ექსპერტები ცდილობენ. 

რა ხდება იმ ხუთ ქვეყანაში, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა

როგორ ელიან ქართველებს ამ ხუთ ქვეყანაში და რამდენად მაღალია ინფიცირების დონე?

პაატა შეშელიძე fortuna.ge-სთან ინტერვიუში მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ქვეყანა ციხედ აქციეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზღვრების გახსნა, არა მხოლოდ 5 ქვეყანასთან, არამედ ყველასთან.

შეშელიძე ამბობს, რომ მთავრობა უბრალოდ ვალდებული იყო რაიმე ნაბიჯი გადაედგა, იმის საპასუხოდ, რომ ევროპამ საზღვრები გაგვიხსნა.

“როგორ შეიძლება ქვეყანა ციხედ აქციო? და ადამიანები მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ეს არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ჩვენ ხომ ჩრდილოეთ კორეა არ ვართ? თუ პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა არ აქვთ ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის სისტემაზე, რომელსაც ახარჯავენ უზარმაზარ ფულს, რომელიც არის პრიორიტეტი და რომლის ბიუჯეტი მუდმივად დეფიციტურია, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ. არ შეიძლება ადამიანების ციხეში ჩაჯდომის ფასად შეინარჩუნონ ის სიტუაცია რაც გვაქვს. არასწორი მიდგომაა.

რაც შეეხება ამ ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, ამას ჰქვია ნაცვალგების სისტემა. ისინი ვალდებული იყვნენ, რომ გაეკეთებინათ ეს, საერთაშორისო პრაქტიკიდან იყვნენ ვალდებულები. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება ფინანსთა მინისტრი ერთი დღით ადრე საუბრობდა, რომ ეს შეუძლებელიაო. ერთი დღე ისაუბრეს ამაზე და მეორე დღესვე გახსნეს საზღვრები. ფაქტობრივად, გამოდის, რომ მინისტრებიც კი აზრზე არ არიან რა ხდება. ისინი არ წყვეტენ, მათ არც ეკითხებიან აზრს”, – ამბობს შეშელიძე. 

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აქტიურად განაგრძობს.

 

სწორი მენეჯმენტი

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ტურისტების დიდ ნაკადს არ ველით და არც ისეთ ნაკადს, რომელიც ეკონომიკაზე რაიმე გავლენას მოახდენს, თუმცა გიორგი პაპავა მთავრობის ამ გადაწყვეტლებას გამართლებას მენეჯმენტის კუთხით უძებნის.

უბრალოდ, რაღაც პროცესია – შესაძლოა არის ლოგიკა იმაში, რომ ჯერ რამდენიმე ქვეყანასთან გახსნა საზღვრები, სადაც დაბალი მაჩვენებელია ინფიცირების, დააკვირდე რა ხარვეზებია, როგორ მართავ სიტუაციას და არა ერთბაშად ყველასთან. მენეჯმენტის კუთხით შესაძლოა ეს სწორი სტრატეგია იყოს”, – ამბობს fortuna.ge-სთან ექსპერტი.

 

გაკოტრებული ტურისტული ბიზნესები

თუმცა, სწორედ სტრატეგიებსა და გათვლებს უწუნებს ხელისუფლებას ექსპერტი ნიკა შენგელია. ის ამბობს, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორისთვის ფუჭი მოლოდინების შექმნას უნდა შეეშვას. შენგელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ტურისტული სექტორის სულ მცირე 50%-ს გაკოტრებამდე მიიყვანს და ამას უკვე შემოდგომაზე ვიხილავთ.

მთავრობა თუ აპირებდა ტურისტულ დარგს დახმარებოდა, მაშინ პირველი ივლისიდან უნდა გაეხსნა საზღვრები. ამ მოლოდინების შექმნით და შემდეგ არ გამართლებით, დიდი დარტყმა მიაყენა ამ დარგს”, – ამბობს ნიკა შენგელია.

 

კარანტინი=სარგებელს?!

თუმცა გაკორტება არ ელის იმ სასტუმროებს, რომლებსაც მთავრობა კარანტინისთვის იყენებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გადაწყვეტილებაში, მაშინ, როცა 5 ქვეყნის მოქალაქეებს ეს არ შეეხება, კორუფციის ნიშნებს ხედავს ექსპერტი პაატა შეშელიძე. მისი შეფასებით, აბსურდია ირაკლი ჩიქოვანის არგუმენტი ამასთან დაკავშირებით, რომ ვითომდა “საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტ ადამიანს ხვდებიან საზღვარგარეთ”.

“აქ უფრო მეტად კორუფციის ელემენტები იკვეთება. ადამიანი არის ორი კვირა კარანტინში და ის სასტუმროები იღებენ ფულს, რომელთა მფლობელებიც ახლოს არიან მთავრობასთან.
რეალურად, კარანტინები არ უნდა იყოს. ადამიანები თავად უნდა გაუფრთხილდნენ თავს. ვიღაც უპასუხისმგებლოდ მოიქცეს და შემდეგ მთავრობამ უხადოს? სრულიად არასწორი მოტივაციაა”, – ამბობს ექსპერტი “ფორტუნასთან”.

 

არჩევნების შიში: დააფეთე და იბატონე

შესაძლოა მთავრობა ქვეყნის საზღვრების დახურვითაც და ადამიანების კარანტინში გამოკეტვითაც უბრალოდ ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნავს, თუმცა ჩნდება ეჭვები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც. 

"მე როგორც ექიმი გირჩევთ, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ": ღირს თუ არა ღია ცით სარგებლობა?

"ჯობს წელს დანაზოგები საკუთარ ქვეყანაში დავხარჯოთ და ახალი სეზონისთვის ენერგიით აქვე ავივსოთ".

სწორედ არჩევნებს და დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვას უკავშირებს ექსპერტი ნიკა შენგელია “კარჩაკეტილობას”.

“საეჭვოა ის თემა, რომ საარჩევნო პერიოდია და მთავრობას სურს დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა ჩამოვიდეს საქართველოში.
არ გამოვრიცხავ, რომ სექტემბრიდან პანდემიის მეორე ტალღა გამოცხადდეს და დაიწყოს ისევ ის შეზღუდვები, რაც გამოვიარეთ და რასაც როგორც აღმოჩნდა ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს ემორჩილება”, – ამბობს ის.

პაატა შეშელიძე კი უფრო რადიკალურია და არსებულ ვითარებას საბჭოთა კავშირს ადარებს. მისი თქმით, მთავრობა კორონავირუსს კოზირად იყენებს და თუ დასჭირდა სიტუაციის გათამაშებაც არ გაუჭირდება.

“საერთოდ ეს კრიზისი და პარანოია აბსურდია. საბჭოთა კავშირი მეტი კი არაფერი იყო? ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებდი, ვერ დადიოდი, ვერ ყიდულობდი. მაშინ უბრალოდ უფრო ნაკლები არხი იყო.
მთავრობა აქტიურად იყენებს ამ კოზირს. მან დაიჭირა ეს ნიუანსი, რომ ადამიანების დაშინება და მართვა ძალიან მარტივია – დააფეთე და იბატონე.

დაფეთებული ადამიანების მართვა, რომლებსაც არწმუნებ, რომ რაც კარგი ხდება შენი დამსახურებაა, სრულიად მარტივია. შეეცდებიან ეს დიდხანს გააგრძელონ. თუ გაუჭირდათ და წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ცუდი შედეგი აჩვენა, მეორე ტალღაც შეიძლება გაითამაშონ და ეს საერთოდ არ გაუჭირდებათ. ეს მხოლოდ ამ მთავრობას არ ეხება, ზოგადი პრინციპია. ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ამის გათამაშება იქნება იოლი სტრესის პირობებში და გადმოწმება კი ძალიან რთული”, – ამბობს შეშელიძე “ფორტუნასთან”.

 

კითხვები ბევრია, პასუხები კიდევ უფრო ბევრი და სადავო, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ექსპერტების გათვლების თუ მთავრობის ნაბიჯების სისწორეს პირდაპირი მნიშვნელობით, შემოდგომაზე ვიხილავთ. ასევე მალე ვნახავთ იმ ეკონომიკურ შედეგებს, რასაც ჩაკეტილობა საქართველოს მოუტანს. მანამდე კვლავ პირბადეებით უნდა მოვერიდოთ უხილავ მტერს და პირადი “ეკონომიკის” გადარჩენაზე ვიფიქროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g