“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში “მხარე იყოს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ”.
“შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო, რადგან რაც ახლა ხდება ჩემი პარტიის ირგვლივ არის ის რასაც არ ვისურვებდი.
მაგრამ რადგან დღეს ზუგდიდის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ნიკა მელიას, ზუგდიდის პარტიის მეორე ნაწილმა კი ვინც ხაბეიშვილს უჭერს მხარს ბრიფინგითვე უპასუხა – მე კი არც ერთზე არ ვიყავი, ბევრს კითხვები გაუჩინა და ჩემი პოზიციით დაინტერესდა.
ამიტომ მნიშვნელოვნად ვთვლი განმარტებას და ამაზე მეტს არ ვისაუბრებ.
ზუგდიდის პარტია დიდია და, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი ვის ნაკლები ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.
ხაბეიშვილი გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერენ.
ხაბეიშვილი: 50 ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ, შენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთონ, ცოტა არ იყოს და უსიამოვნოა
ვთვლი, რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მე, როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით, მე ხელი უნდა შევუწყო ყველას, რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.
ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ.
სამართლიანი მე ეს მგონია.
მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება.
ამით საერთო საქმე კნინდება.
მე არ ვეთანხმებოდი ამ ყველაფრის ასე დაწყებას, არც დროში, არც ფორმაში, მაგრამ ასევე არ ვეთანხმები იმას, რა სახეც შემდეგ კამპანიამ მიიღო.
ჩემი შიმშილობის დასრულების დღეს მე ვისაუბრე და ვისურვე სიძულვილის, ბოღმის, ზიზღის დასრულება ამ ქვეყანაში – საპირისპიროში ჩემი პარტიის შიგნით მონაწილეობას მე არ მივიღებ.
არც ერთი მათგანი არც ერთი მხრიდან არ მგონია მოღალატე, ყველას წვლილს ვაფასებ, ყველას უარყოფითიც ვიცი. ამაზე უფრო მეტს ქოცების გულის გასახარად საჯაროდ არ ვილაპარაკებ.
ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი 2012 წელს – ციხეში ზის და სიკვდილს ებრძვის.
ამ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად გავაგრძელოთ. ამ წესს ვინც დაარღვევს, ჩემთვის ეგ იქნება მიუღებელი.
როგორიც არ უნდა იყოს მოცემულობა ამ არჩევნებიდან პარტია გამოვა გაძლიერებული.
მე ძალიან ბევრს დავდივარ სამეგრელოში. ველაპარაკები ხალხს.
ხალხს რაც სჭირდება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთიანი ბრძოლა რუსული ოცნების წინააღმდეგ მიშას და ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად.” – წერს ანი წითლიძე.