LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებთ დუმილი შევინარჩუნოთ, ამ არჩევნებმა მინიმუმ 20 წლით უკან გადაგვისროლა: ფიქრია ჩიხრაძე

126
BeFunky-collage (5)

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებისგან მიღებული ბოლო პასუხები ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ წერტილი დავსვათ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსათვის” წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, ოპოზიცია გააგრძელებს მცდელობას, რომ “საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს”.

“თვალის დახუჭვა აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური პროცესი იმისთვის არსებობს, რომ საქართველო დემოკრატიულად განვითარდეს. ამიტომ ჩვენ გლობალურად დავინახოთ და გავიაზროთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხე, რასაც ჰქვია არჩევნების გაყალბების და მიტაცების პრობლემა.

2020 წლის არჩევნებმა მინიმუმ 20 წლით უკან გადაგვისროლა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ოცნება მიხვდეს იმას, რომ არავინ არ შეიძლება ქვეყნის განვითარებას წინ გადაეღობოს” – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძე.

“ლელოს” წარმომადგენელი გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოლაპარაკების პროცესის ყველა წინადადების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით.

ფიქრია ჩიხრაძე მისი პარტიის პოზიციიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაცია არ უნდა იმალებოდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ფასილიტატორებმა ითხოვეს, მოლაპარაკების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული დროით, იქნებ არ გასულიყო ეს თემები, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ეს პირობა, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეულ წითელ ხაზებზე საუბარი და ჩვენ წამგებიან პოზიციაზე აღმოვჩნდით.

ჩვენ არ ვაპირებთ დუმილი შევინარჩუნოთ მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია ღიად იტყვის – რა იყო ჩვენი შეთავაზებები და რა ნაბიჯები იყო გადადგმული ხელისუფლების მხრიდან“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ და დასძინა, რომ პირველ რიგში ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებელნი.

რაც შეეხება პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის შესვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ განსხვავებული მოსაზრების არსებობა აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა საერთო მოთხოვნაში ყველა ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია.

“იმის მიღებას, რაც 2020 წლის 31 ოქტომბერს, როგორც მომავალი განვითარების ნიშნული შემოგვთავაზა ოცნებამ,  არ ვაპირებთ არც მოლარულად და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ჩვენ ასე აღმოვჩნდებით რუსეთის გუბერნიის მდგომარეობაში, სადაც არჩევნებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა, ამ თემაში ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იცვლება”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემაში “დღის თემა”

“არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას ან ცალკე კულუარულად მოლაპარაკებას” – გიგი წერეთელი

 

 

პოპულალურები