კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, კარანტინის დაწესება და ქვეყნის ჩაკეტვა დღის წესრიგში აღარ დგას, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა.
როცა ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, მივცეთ შენიშვნა – გამყრელიძის რეკომენდაციები და მოლოდინები
რა გახდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის მატების მიზეზი, მაშინ, როცა ქვეყანა ფაქტობრივად ჩაკეტილია. ამ კითხვით „ფორტუნამ“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსს მარინა ენდელაძეს მიმართა.
რას უკავშირებთ დაინფიცირებულთა რიცხვის ასეთ რეკორდულ მატებას? ქვეყანა ფაქტობრივად ჩაკეტილია, მოსახლეობა კი რეგულაციების დაცვას ცდილობს…
არ ვცდილობთ, თორემ რომ ვცდილობდეთ, ასეთი შედეგი არ იქნებოდა. შიდა ტურიზმი არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი ათქვეფილი ყოფილიყო, არ გვკეთებოდა პირბადე, არ დაგვეცვა დისტანცია და გაგვეკეთებინა ხუთასკაციანი ქორწილები. ამან ყველაფერმა განაპირობა ეს ამბავი. ძალიან მოვდუნდით, აღარ ვიცავდით რეკომენდაციებს და ხალხში შიში აღარ იყო. ბევრი ფიქრობდა და ამბობდა, რომ არანაირი კორონა არ არისო. ამ ყველაფერმა განაპირობა დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა.
57 ახალი შემთხვევა ნიშნავს, რომ კორონავირუსის რაოდენობა გაიზრდება და მისი მართვა სახელმწიფოს გაუჭირდება?
დაინფიცირებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება, რადგან ამდენი დაინფიცირებული გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ მათი რიცხვი მომდევნო დღეებში გაიზრდება. ძალიან რთულია ამდენი კონტაქტის მოძიება და მერე მათი იზოლირება.
ამ სიტუაციაში სწავლის დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა? ხომ არ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს?
კოვიდ 19-ს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენგან უცებ გამქცევი არ არის. როდემდე შეიძლება იყოს დისტანციური სწავლება? ეს არაა იმ ხარისხის სწავლება, რა ხარისხითაც შეიძლება ბავშვმა განათლება მიიღოს. ზოგადად ბავშვებისთვის სჯობს სკოლაში სწავლა, მაგრამ ინფექცია თუ ძალიან გავრცელდა, შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და სწავლა კვლავ დისტანციური გახდეს. თავისთავად ცხადია, როგორი დისტანციაც არ უნდა დავიცვათ კლასებში, რთული იქნება ყველაფრის გაკონტროლება.
არ შეიძლება, ქორწილები, ქელეხები სხვა ღონისძიებები, მაგრამ ჯერჯერობით არ არის აკრძალული წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ასევე ბევრი ხალხი იყრის თავს. ეს ვირუსის გავრცელებას ხომ არ შეუწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების ჩატარებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ?
ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი. ამას მე კი არა, ექსპერტები ვერ გეტყვიან ზუსტ პასუხს. საარჩევნო კამპანიაც ისე უნდა წარიმართოს, რომ იყოს დისტანცირება მხარდამჭერებს შორის და შეხვედრებზე პირბადეები უნდა ეკეთოთ. ყველაფერი უნდა წარიმართოს სწორად. იქნებ არ მივიღოთ დრამატული მატება. ვფიქრობ, რეგულაციები გამკაცრდება, არ ვგულისხმობ ჩაკეტვას, უფრო ფრთხილად ვიქნებით და აღარ დადგება არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში.
დრამატული მატება თქვენი აზრით რამდენი იქნება, რამდენი რაოდენობა გახდება პანიკის საფუძველი, რაც არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას აიძულებს ხელისუფლებას?
მოდი, პანიკაში ნუ ჩავვვარდებით და გავფრთხილდეთ. პანიკა ყოველთვის აფუჭებს საქმეს. დაიჯეროს ხალხმა, რომ არსებობს ეს ინფექცია, მთავარი ესაა და გავუფრთხილდეთ თავს. მთავარი რეგულაცია არ იცვლება. აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანცირება და ხელების ხშირი დაბანა. ამ რეგულაციებს თუ ყველა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს, ვირუსის დრამატულად გავრცელების საშიშროება არ იქნება.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა
