არ ვითხოვთ, რომ შეიყვაროთ სააკაშვილი და ის ხვალ ხელისუფლებაში დასვათ, ეს არჩევნების და ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის, საქმიანობის უფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან ისაუბრა საკუთარ ინიციატივაზე, რომ ყოველი სატელევიზიო ჩართვა და პარტიული ბრიფინგი რუსთავის ციხის ტერიტორიიდან გაიმართოს.
როგორც უგულავამ განაცხადა, როდესაც სააკაშვილს „თვალსა და ხელს შუა კლავენ, შერიგებაზე ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი და ეკონომიკაზე საუბარი არაადეკვატურია“.
” თუ სახურავს ააშენებ, არ იქნება კედლები და ამ კედლებს ფუნდამენტი არ ექნება, შენობა პირველივე ქარში ან წვიმაში ჩამოიშლება. ზუსტად ასეთ ვითარებაში ვართ.” – აცხადებს უგულავა.
მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი არის ფუძემდებლური საკითხი.
” 90-იან წლებში შევქმენით პრობლემები, რომლის მოგვარებას 10 წელი დასჭირდა. როდესაც თვალსა და ხელს შუა კლავენ პრეზიდენტს, რომელსაც ამდენი მემკვიდრეობა აქვს და ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, შერიგებაზე ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი, ასევე ეკონომიკაზე საუბარი სრულიად არაადეკვატური გახდება.” – აცხადებს უგულავა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც მატულობს გრადუსი, მივდივართ პოლარიზაციამდე და ეს ურტყავს ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებას.
“ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს. ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ფუძემდებლური საკითხებია. დღეს ორი ასეთი საკითხია, რომელიც საბოლოოდ ერთ საკითხზე დაიყვანება, ეს არის სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან. ნუ მოვიტყუებთ თავს და სააკაშვილი არის ფაქტორი საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობაში. ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, ვიღაც ფიქრობს, რომ პოზიტიურ როლს თამაშობს, ვიღაც ფიქრობს, რომ ნეგატიურს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტორია და თუ სირაქლემა არ ხარ ამ ფაქტორს ანგარიში უნდა გაუწიო.” – აცხადებს გიგი უგულავა.
მისი თქმით, როდესაც სადღაც საუბრობ ეკონომიკაზე და დგახარ ციხესთან, ამბობ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, სინდისის პატიმარია, ეს ადამიანი გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვათ სიკვდილისკენ, ის პუტინის პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
“ასე ფიქრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ასე ვერ განვითარდები და თუ გინდა, ქვიშაზე რამე ააშენო, მინიმუმ ფუნდამენტი უნდა გააკეთო. ფუნდამენტი კი არის უსაფრთხოება, რაც უკრაინასთანაა დაკავშირებული.” – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას თქმით, უკრაინასთან მიმართებით ორი ფუნდამენტური საკითხია – სანქციები, რასაც უკრაინა მტკივნეულად აღიქვამს, როდესაც საქართველო ღალატობს. ხოლო მეორე სააკაშვილის საკითხი – აქაც არ უნდა გვქონდეს ილუზიები. ეს საკითხი მოსაგვარებელია.
“სააკაშვილი უკრაინაში იმ მმართველი გუნდის აქტიური წევრია, რომელიც დღეს ცივილიზაციურ ომს აწარმოებს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სახელით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ არაადეკვატურია.”
“ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და სანამ არ გადაწყდება, არ უნდა დავიღალოთ. საზოგადოებას უნდა ავუხსნა – არ ვითხოვთ, რომ შეიყვაროთ სააკაშვილი და ის ხვალ ხელისუფლებაში დასვათ, ეს არჩევნების და ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის უფლება, საქმიანობის უფლება. რასაც ვხედავთ, მითუმეტეს დღევანდელი ომის ფონზე, სრული უსინდისობაა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
მან ასევე შეაფასა IRI-ის კვლევის შედეგები, სადაც მოწონების რეიტინგში მოწინავე ადგილს „ქართული ოცნების“ ლიდერებიც იკავებენ. უგულავას თქმით, მსგავს კვლევებში საზოგადოების განწყობის ყველაზე სწორი ინდიკატორი არის კითხვა – სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ქვეყანა.
„ასეთ კვლევებში, ყველაზე თავისუფალი შეკითხვა, რაც საზოგადოების რეალურ ინდიკატორს განასახიერებს, ეს არის – სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ქვეყანა. ეს არის ერთი შეხედვით უმტკივნეულო შეკითხვა. ამიტომ საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, ფობიები აქვს მას თუ არა, ხელისუფლება მოსწონს თუ არა, ადეკვატურად, ღიად და გულწრფელად პასუხობს. ამ კითხვაზე 70% პასუხობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს არის ყველაზე სწორი ინდიკატორი საზოგადოებრივი განწყობილების. თუ ეს მაჩვენებელი იზრდება დადებითი მიმართულებით, მაშინ ე.ი. ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობა იზრდება, თუ არასწორი მიმართულებით მატულობს ეს მაჩვენებელი, მაშინ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობილებები ვითარდება“,- განაცხადა გიგი უგულავამ.