ის, რომ ქართველებს ქველმოქმედება ძალიან კარგად გამოსდით, ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ. გამონაკლისი არც დღევანდელი პანდემიის პერიოდია. რეგულაციების გამკაცრებისა და შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ადამიანის პოსტი გამოქვეყნდა. მათი იდეა იმ ადამიანების დახმარებას ემსახურება, რომლებიც შემოსავლების გარეშე დარჩნენ.
ცნობილი მომღერალი და ექიმი ლაშა ღლონტი, ახალი ინიციატივით გამოდის, სადაც ის სუპერმარკეტების მფლობელებს მიმართავს, რომ მარკეტებში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებისდაგვარად შეგროვდება პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
“მეგობრებო!!!! ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.
ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე ექნება საშუალება ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად. ვისაც უნდა მივა და აიღებს. დავარქვათ ამ ადგილს ,,თანაგრძნობის კუთხე” რას იტყვით ეს ხომ ძალიან მარტივია? სავაჭრო ქსელების მფლობელები იმედია გამოგვეხმაურებიან მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!!!!
იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამასჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს გაიხარეთ” – ლაშა ღლონტი, წერს თავის Facebook გვერდზე.
ასევე დროული იყო, ქართველი ანალიტიკოსის ირაკლი ლატარიას მიმართვა სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარი ინიციატივით ის ერთ-ერთ ოჯახს 200 ლარით დაეხმარება.
„ყველამ დავეხმაროთ ერთმანეთს.
გავაკეთებ ჯგუფს, სადაც ყველანი გავწევრიანდეთ, იქ საჯაროდ დავწეროთ ვინ დაკარგა შემოსავალი, ვის რა პრობლემა აქვს ყველაზე მეტად და ვისაც არ დაუკარგავს ამ შეზღუდვებით შემოსავალი, ის დაეხმაროს.
მაგალითად მე პირადად ერთ ოჯახს 200 ლარით დავეხმარები, ნაკლებ სიგარეტს მოვწევ და ჯანმრთელობისთვისაც კარგია (ეს ხუმრობით ბოლო).
და ასე, ყველამ ერთად ვებრძოლოთ ამ დამპალ ვირუსს და ყველამ ერთად გავიმარჯვოთ
დავიწყოთ?!!!
მთავრობას ნუ ვუყურებთ ყველაფერში, მთავრობაც ადამიანები არიან და ჩვენ შევუწყოთ მათ ხელი, ახლა არის ომი და ამ ომში ვიყოთ ერთად ყველანი“.
რამდენიმე დღის წინ დაწყებული, საქველმოქმედო კამპანია, რომელიც გიგა მაქარაშვილმა წამოიწყო, მის Facebook გვერდზე ფოტოთი განთავსდა, სადაც ის წერს:
„არა, არ გვიწერია გადაშენება
ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით
მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:
•4000 პირბადე
•1100 სადეზინფექციო ხსნარი
• 114 სამედიცინო კომბინიზონი
• 3000 ხელთათმანი
150ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება
27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელს ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ
40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24 საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე” და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას
უკვე მოგროვდა 30-მდე მოხალისე მძღოლი;
ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მწტად უჭირს;
ეს მხოლოდ დასაწყისია!
2 დღის წინ დავიწყე მარტომ ეს ამბავი და რასაც ფოტოზე ხედავთ, სულ 5 ადამიანის დახმარებითაა შეძენილ/მოგროვებული;
ათასები რომ ჩავერთთვებით, მერე რეებს დავატრიალებთ ხვდებით ალბათ.
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით.
თუ ეს პოსტი ბევრ ადამიანამდე მივა, კიდევ მეტი ჩაერთვება და კიდევ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაზე გაჭირვებულებს და დახმარებასაც უსწრაფესად შევძლებთ“.
შეგახსენებთ, რომ რთული ეპიდვითარების გამო, 28 ნოემბერს, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რის გამოც მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შესაძლოა შემოსავლის გარეშე დარჩეს.