არაფერი და არავინ არ ღირს იმად, არანაირი კეთილდღეობა, რომ დაკარგო ადამიანური სახე, – აღნიშნულის შესახებ მწერალმა ნინო ხარატიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „უმეტესი ჩვენგანი არ გაწირავს საკუთარ სამშობლოს საკუთარი კეთილდღეობის და მხოლოდ პირადი ინტერესის გამო“.
„ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც ნაციონალური სინდისი არსებობს, რომელიც გადაწონის ამ ამორალურობას, ადამიანური სახის დაკარგვას, რომელსაც ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით, რომლის მოწმეებიც ვხდებით. ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ ყოველთვის ვახერხებდით რაღაცნაირად გადარჩენას, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფასს ვიხდიდით ყოველთვის. მინდა იმედი ვიქონიო, რომ უმეტესი ჩვენგანი არ გაწირავს საკუთარ სამშობლოს საკუთარი კეთილდღეობის და მხოლოდ პირადი ინტერესის გამო…
საბოლოოდ, ყველა ტოტალიტარული სისტემა, ამ შემთხვევაში, ჩვენ საბჭოთა კავშირზე ვსაუბრობთ – ის ყოველთვის იწყებს საკუთარი შვილების შეჭმას. ის ურჩხული მერე აღარ ნაყრდება მხოლოდ „მტრებით“ ან ხელოვნურად შექმნილი მტრებით, ის აუცილებლად გადადის საკუთარ მოხელეებზეც, მონებზეც და არავის აღარ ინდობს. ბოლოს ეს პარანოია, თუნდაც სტალინისტური ტერორის დასრულდა იმითი, რომ მისივე პარანოიას შეეწირა… არაფერი და არავინ არ ღირს იმად, არანაირი კეთილდღეობა, რომ დაკარგო ადამიანური სახე. ერთად ალბათ და გაერთიანებული ძალებით შევძლებთ. ძალიან მინდა იმედი ვიქონიო და იძულებულებიც კი ვართ, რომ იმედი ვიქონიოთ“, – აცხადებს ნინო ხარატიშვილი.