„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ანატოლი ბიბილოვი თანამოქალაქეებს სთხოვს, არ ენდონ ჭორებს, რადგან „მათ სიკეთე არასდროს მოაქვთ“.
„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!
სოფელ უისტას მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, – დაწერა ბიბილოვმა ფეისბუქში.
სოფელ წნელისში კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართეს. ოსური მედიის ცნობით, პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით,სოფლის მთელ პერიმეტრზე მესაზღვრეები განთავსდებიან. ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ბიბილოვმა ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, როდესაც სოფელში მოსახლეობას შეხვდა.
ოსური დროშა სოფელ წნელისში – ბიბილოვმა ჰუმანიტარული ოპერაცია დააანონსა