LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს თქვათ უარი საკუთარ შვილებზე: ემიგრანტი გოგოს მიმართვა საზოგადოებას

1096
FORTUNA.GE- (5)

ჩემი შვილი ჩემი ჯილდოა. მე იმ ბარბარეს დედა ვარ, რომელიც სამყაროს დაუპირისპირდა. დიდი წინააღმდეგობისა და უარყოფის შემდეგ, ამ ქყვეყანას მაინც მოევლინა ჩემი გოგო. მარტოხელა დედის სახელით, ემიგრაციაში ვიმყოფები. იმედია მალე ჩავეხუტები ჩემ ბარბარეს“, – ეს სიტყვები ემიგრაციაში მყოფ ნათია ნათაძეს ეკუთვნის.

„ფორტუნა“ მოგიყვებათ ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც დაუგეგმავი ორსულობის გამო სამყაროსთან დაპირისპირებასა და არაერთი პრობლემის მოგვარებას, მარტომ გაართვა თავი. დღეს ნათია ნათაძე საკუთარ გამოცდილებას იმ გოგოებს უზიარებს, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.

– 21 წლის ასაკში მყავდა შეყვარებული, რომელთან ერთად ვგგეგმავდი მომავალს, სერიოზული ურთიერთობა გვქონდა. მოვლენებს ცოტა გავუსწარით და მოხდა ისე, რომ უკვე 2 თვის ორსული ვიყავი. დავურეკე ბავშვის მამას და ორსულობის შესახებ ვუამბე. ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. მაშინვე მუცლის მოშლა შემომთავაზაა, შემდეგ ცილი დამწამა, რომ თითქოს თავიდანვე ვიცოდი ეს ფაქტი და 2 თვის შემდეგ ცოლად მოყვანის მიზნით ვუთხარი. მეუბნებოდა, რომ ამისთვის მზად არ იყო და აბორტი გამეკეთებინა.
როდესაც ბიჭის ოჯახმა შეიტყო, მათთვის არასასურველი რძალი აღმოვჩნდი. მესაუბრნენ და მითხრეს, რომ აბორტის თანხა მზად ჰქონდათ. მუცლის მოშლა არც კი მიფიქრია. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი შვილი აუცილებლად დაიბადებოდა. 4 თვის ორსულობის დროს ბავშვის მამამ საცხოვრებლად ცალკე გადასვლა შემომთავაზა. რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთად, თუმცა მშობლებს ამ ამბავს უმალავდა და ვერ ეუბნებოდა, შინაც დიდ დროს არ ატარებდა და მივხვდი, რომ ამ ყველაფერს შიშის გამო აკეთებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ორსული გოგო დამტოვა და 3 კვირა საერთოდ გაუჩინარდა. ვურეკავდი, ტელეფონი გათიშული ქონდა, სახლშიც არ მოდიოდა. მთელი ეს პერიოდი ჩემი შვილის ნათლიასთან ვცხოვრობდი. ჩემ ოჯახს ვერ ვეუბნებოდი, რომ არ ენერვიულათ და გართულებები და უთანხმოება არ მოსვლოდათ ბავშვის მამასთან. ყველაფრის მიუხედავად, მაქსიმალურად მედგნენ ჩემები გვერდით და არ მაძლევდნენ დანებების საშუალებას. იმ დროს სასოწარკვეთილი ვიყავი, მერიდებოდა, მეშინოდა ოჯახის წევრების რეაქციის. ქართველებს მაინც სხვა მენტალიტეტი გვაქვს. უფროსი ძმა მყავს, რომლის რეაქციასაც ძალიან  განვიცდიდი, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ის დამიდგა გვერდით.

 

 

ბულინგის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ, რადგან ამის უფლებას არავის  მივცემდი. ბავშვს გავაჩენდი თუ არა, ხალხი მაინც ილაპარაკებდა. ამიტომ საზოგადოების აზრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ეს ჩემი ცხოვრება იყო და ჩემი გადაწყვეტილება. თუმცა კრიტიკის ობიექტი მაინც ვიყავი. ხშირად მსმენია ნაცნობებისგან ფრაზები – „შენ ისეთი გოგო იყავი, რომ რას წარმოვიდგენდი ეს თუ დაგემართებოდა“!

ბარბარე საკეისრო კვეთით გავაჩინე. 5 დღე დავყავი სამშობიაროში. არ ვარ შურიანი ადამიანი, არასდროს არავისი შემშურებია, მხოლოდ ამ დღეს მქონდა სინანულის მომენტი. ბევრჯერ მიტირია, მაშინ, როდესაც პალატაში სხვა გოგონებს ვხედავდი, თუ როგორ აკითხავდნენ ქმრები. მქონდა უამრავი კითხვა, რატომ არ უნდა ენახა შვილი საკუთარ მამას? ბავშვი სამშობიაროდან ჩემი გვარით გამოვიყვანე – ის ბარბარე ნათაძეა. მშობიარობის მერე იყო ყველაზე რთული პერიოდი, დამემართა დეპრესია, ჩავიკეტე საკუთარ თავში, დავითრგუნე, დავკომპლექსდი, არ გავდიოდი სახლიდან, სანამ ისევ ჩემმა ძმამ არ მომკიდა ხელი და თავიდან არ მოახდინა ჩემი ადაპტირება საზოგადოებაში.

რთული იყო მომდევნო პერიოდიც, მაშინ, როდესაც ბარბარეს კითხვებზე პასუხი უნდა გამეცა. ეს დრო კი ნაადრევად, 3 წლის ასაკში დადგა. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, დიდი ადამიანივით დამისვა და მეკითხებოდა, სად იყო მისი მამა და სხვა ბავშვების მამების მსგავსად მასაც რატომ არ აკითხავდა. ამ ამბავზე ხშირად ტიროდა კიდეც.

მინდა მივმართო იმ გოგოებს, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან. გირჩევთ, უკან არ დაიხიოთ, არაფრის შეგეშინდეთ და უარი თქვით აბორტზე. შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი ბარბარეს გარეშე. მესმის, რომ ძალიან გამიმართლა ოჯახის წევრებში, რომლებმაც ზედმეტი კითხვების გარეშე მიგვიღეს მეც და ჩემი შვილიც. ზოგიერთი გოგოსთვის კი ესეც პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ყველაფრის მიუხედავად არ დანებდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ, იცოდეთ, რომ სიძნელეების შემდეგ ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.

საზოგადოებას კი, რომელიც ამ ამბების და ადამიანების განკითხვით ხართ დაკავებული, მოგმართავთ: თქვენი საქმე არ არის, ადამიანი ქორწინების დამადასტურებელი მოწმობით გააჩენს ბავშვს თუ არა. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და ამ ცხოვრებაში არავინ ხართ დაზღვეული, რომ იგივე თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს არ დაგემართებათ.

 

გეტყვით, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. სულ მალე სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ და ახალი ოჯახის შექმნასაც ვაპირებ. რამდენიმე ხნის წინ დავინიშნე, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე გაოცებული ვარ, ჩემმა საქმრომ და მისმა ოჯახმა იმდენად კარგად მიგვიღეს მეც და ბარბარეც. მგონია, რომ ჩემი შვილი მათთან გაიზარდა.
ამიტომ გოგოებო, იცოდეთ, რომ ბედნიერება წინ არის და არასდროს თქვათ უარი საკუთარ შვილებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g