არასერტიფიცირებულმა სათამაშოებმა შესაძლოა ბავშვის განვითარების შეფერხება და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. საუბარია სათამაშოზე, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არ არის წარმოებული.
2025 წელს შესაბამისმა სამსახურმა 106 დასახელების სათამაშოდან 51-ში უსაფრთხოების დარღვევა გამოავლინა. განსაკუთრებით საშიშად დასახელდა ტყლარწები, ბუშტები და მცირე ნაწილაკებიანი პროდუქტები, რომლებიც დახრჩობის მაღალი რისკის მატარებელია და თავისუფლად შეგვხვდება ბაზრობებზე, მაღაზიებში ან ონლაინ პლატფორმებზე.
პედიატრი თამარ ობგაიძე mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ბავშვისთვის სახიფათო იყოს როგორც პლასტმასის, ისე რეზინის სათამაშოები, რადგან ისინი შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას, ფტალატებს და ნიტროზამინებს – ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ენდოკრინულ სისტემაზე, ღვიძლზე და ასოცირდებოდეს სიმსივნურ დაავადებებთან.
ექიმის თქმით, ბავშვებში რისკი უფრო მაღალია, რადგან ისინი ნივთებს პირში იდებენ და მავნე ნივთიერებები სწრაფად ხვდება ორგანიზმში.
სპეციალისტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მშობლებს სთავაზობს:
სერტიფიცირებული, CE მარკირებით და EN 71 სტანდარტით დამოწმებული სათამაშოების შეძენას
ხის სათამაშოების არჩევას, უსაფრთხო საღებავით.
რეზინისა და ლატექსის სათამაშოების გარეცხვას
მცირე ნაწილაკებიანი სათამაშოსგან 3 წლამდე ბავშვების დაცვის აუცილებლობას.
„შეგვიძლია შევიძინოთ ისეთი სათამაშო, რომელიც არის სერტიფიცირებული და აქვს ხარისხის დამადასტურებელი ნიშნები დატანილი, რაც იმის ინდიკატორია, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული და თავისუფალია ნიტროზამინისგან. ასევე რეკომენდაციას ვუწევთ ხის სათამაშოების გამოყენებას, რომელიც უსაფრთხო საღებავით არის შეღებილი.ლატექსის ან რეზინის სათამაშო შეძენის შემდეგ უმჯობესია გაირეცხოს თბილი წყლითა და საპნით, რათა მავნე ნივთიერებების გარკვეული ნაწილი მოსცილდეს“,- ამბობს ექიმი.
