LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა და სხდომა დატოვა: თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა და შვილსაც იგივეს მოუწოდებს

166
BeFunky-collage - 2020-08-21T123310.546

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი უკვე მე-4 დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გიორგი გელხაურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობდა. ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ.-მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

 

საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს თამაზ ხომასურიძე და ამასთანავე აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
თავად თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.
შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება, სასურველია რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.

შეგახსენებთ, რომ ხომასურიძემ მისი შვილის სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მოთხოვნით შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო.

 

ადვოკატი გიორგი გელხაური ასევე აცხადებს, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო, ადვოკატებს N8 დაწესებულებაში შესვლის და არასრულწლოვნებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევს. მისივე თქმით, რამდენიმე არასრულწლოვანი ბრალდებული შიმშილობას კვლავ აგრძელებს.

“საკნიდან ტელევიზორი წაართვეს, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 მოწმე – სამი გამომძიებელი და სამი პირველ დაპირისპირებაში მონაწილე პირი იკითხება. საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, თუ რა მოტივი გააჩნდათ „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი თავს შემდგომში გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს და რამდენიმე სხვა პიროვნებას.

magti 5g