ბოდიშის მოხდა არ გვიჭირს, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
“საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“ – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ნიკა გვარამიამ.
საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.