ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის გასვლით პაციენტები არ დაზარალებულან. სერგეენკომ С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაზე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა ქვეყანაში უკვე იყო შემოსული იმავე მედიკამენტის, ჰარვონის ახალი ვადიანი პარტია, შესაბამისად, პაციენტები ვადაგასული მედიკამენტებით არ მკურნალობდნენ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტებს საქართველო უფასოდ იღებს.
“ნახევარ მილიარდზე მეტის მედიკამენტი ბრუტალურად ჟღერს და კითხვა ჩნდება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ის უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ გამოვა, რომ ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს 65 000 პაციენტის მკურნალობაში”, – აცხადებს სერგეენკო.
სერგეენკოს თქმით, იმის გამო, რომ პრეპარატებს ვადა გასდიოდათ და მათი ათვისება ვერ ხდებოდა, რადგან 2018 წელს პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო, საქართველომ ქვეყნის პარტნიორებს, პრეპარატების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შესთავაზა.
“შემდეგი ნაწილი, პარტნიორების რეაქცია და იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ – მინიმუმ მეამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი უფასოდ მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს“, – აღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსნეებთ, 2018 წელს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.