LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ტურისტები და არც ადგილობრივი დამსვენებლები პირბადეს არ იყენებენ.. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არადა „ჩაკეტვა“ არავის უნდა“ – რა ხდება აჭარაში და როგორ მიმდინარეობს რეგულაციების ზედამხედველობა

96
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაკუთრებით მწვავედ აფასებენ აჭარის რეგიონში. როგორც „ფორტუნას“ ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეების ნაწილმა აცნობა, რთული ვითარებაა სანაპიროებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მათივე ინფორმაციით, დადგენილ წესებსა და რეგულაციებს თითქმის არავინ იცავს.

ადგილობრივების თქმით, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბათუმში – „არც ტურისტები და არც ადგილობრივი დამსვენებლები პირბადეს არ იყენებენ, აქ ხშირად ნახავთ უკონტროლო სიტუაციასაც. ამბობენ იმასაც, რომ სანაპიროზე ეკონომიკურად დასაქმებული ადამიანები და მათ შორის, დამსვენებლებიც ინფიცირებულები არიან, მაგრამ ნაკლებად ადარდებთ, ხალხი ძალიან მოდუნდა… საშინელება ხდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არადა „ჩაკეტვა“ არავის უნდა,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ ბათუმელებმა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში ზედამხედველობა. როგორც „ფორტუნას“ შრომის ინსპექციის პრესსამსახურში განუცხადეს, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების თანახმად, ამ დროისთვის აკრძალულია, სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები და შესაბამისად, ამ მიმართულებითა და სხვა რეგულაციების თანახმად, მიმდინარეობს აღსრულების კონტროლი.

მათივე ცნობით, ასევე მიმდინარეობს ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ზედამხედველობა, თუ რამდენადაა გაწერილი რეკომენდაციები დაცული.

„შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას სხვა მონიტორინგის სამსახურებთან ერთად ახორციელებს. ძირითადი აქცენტი, რასაც შრომის ინსპექცია მუდმივად აკეთებს, უშუალოდ იმ ეკონომიკურად დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას ეხება, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ.

რაც შეეხება სანქცირების ნაწილს, ფიზიკური პირისთვის განსაზღვრულია 2 ათას ლარიანი, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმა.

არსებობს 41 სექტორული რეკომენდაცია, რომელიც სამომხმარებლო და საფინანსო სფეროსთვის არსებობს, შესაბამისად, ყველა ვალდებულია რეგულაციები დაიცვას, დარღვევის შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება,“ – გვითხრეს შრომის ინსპექციის სამსახურში.

დასმულ კითხვაზე – რა ფორმით მიმდინარეობს ზედამხედველობა, პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე – გამოვლენილ დარღვევებზე ფინანსური სანქცირება.

„დაწყებული დღიდან პანდემიისა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა, ჩვენი სამსახური წესების დარღვევის შემთხვევაში, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, რაც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ცნობიერების ამაღლების ნაწილს მოიცავს, ხოლო შემდეგ უკვე ფინანსური სანქციის დაკისრებას. თუ რეგულაციების დარღვევა ხელმეორედ ვლინდება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს,“ – აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას შრომის ინსპექციის პრესსამსახურში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g