LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთ კომპანიას, არ შერჩება გულგრილი დამოკიდებულება.. წერეთლის გამზირი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, სადაც იქნება მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“ – ირაკლი ბენდელიანი

136
Untitled design (3)

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში იღებენ მონაწილეობას და სამუშაოს შესრულებისას გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ, არ შერჩებათ.

მისივე განცხადებით, თბილისის მერიისთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ვადები, ხარისხი, რაზეც მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული“.

„წერეთლის გამზირზე, ტროტუარების გარკვეულ მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება“ – ირაკლი ბენდელიანი

„არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში არცერთ კომპანიას, პირდაპირ ვიტყვი, რომ სამუშაოს შესრულებისას არ შერჩება გულგრილი დამოკიდებულება. იცით, ცენტრალურ გამზირებზე როდესაც მოძრაობა შეზღუდულია, ეს დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ვადები, ხარისხი, რაზეც ჩვენ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ყველა კომპანიამ კეთილი ინებოს და შეასრულოს.

რაც შეეხება მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ორ კომპანიასთან, ეს კომპანიები იმ მასშტაბით ვერ მუშაობდნენ, რა მასშტაბიც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი. ასევე, ლოკალურად ხარისხთან მიმართებაში იყო პრობლემები. ბუნებრივია, ხარვეზით შესრულებული ეს სამუშაოები გამოსწორდება. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიღაცამ ხარვეზით შეასრულა და ეს დარჩება, ასე არ არის. საუბარია, კონკრეტულ ლოკალურ მონაკვეთებზე, რომელიც გამოსწორების პროცესშია. მას შემდეგ, რაც გამზირზე სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, პირობას ვდებთ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის და იქნება მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები