ნუკრი კაპანაძე რადიო „არ დაიდარდოს“ ესტუმრა და ვრცელ ინტერვიუში ბევრ კითხვას გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
ამ სფეროშიც გყავთ მეგობრები? გამოდის მეგობრობა?
რასაკვირველია, როგორ არ გამოდის. ეკა მამალაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, კომპოზიტორებზე აღარ დავიწყებ საუბარს… ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რაღაცამდეა ხომ ეს ურთიერთობა, პატივისცემა?! კეთილგანწყობილი ვარ.
არის ეს რაღაცები, რაც გულს გტკენს და ეს გულისტკივილი იცით, რა რთულია?! როცა შენ გინდა, გამოხვიდე და გეუბნებიან, რომ შენი ადგილი აქ არ არის. ამ დროს, შენ ზუსტად იცი, სად უნდა იყო და სად არ უნდა იყო. მერე, გხვდებიან ეს ადამიანები და გეუბნებიან – „როგორ მიყვარს თქვენი სიმღერა, ვგიჟდები“, მაგრამ ის აუცილებლად გვერდზე გადაგწევს…
ამაზე მაღლა თუ დადგები, ამას თუ გაუძლებ… სხვა გზა არ არის, როცა გიყვარს შენი საქმე, უნდა გაუძლო ამ ყველაფერს, უნდა აკეთო შენი საქმე. მე ამ სიახლეების და ექსპერიმენტების გარეშე არ შემიძლია და მსმენელი აუცილებლად გპოულობს, უბრალოდ, ჩვენ დროში გვეჩქარება, გვინდა, რომ ეს რაც ჩავწერეთ და გავაკეთეთ, დღესვე მივუტანოთ ადამიანებს.
ეს სულიერი მხარია, მაგრამ ეკონომიკური მხარე ცალკეა, სიმღერა რომ საბოლოოდ გამოიტანო, ამას ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, კონცერტებზე საერთოდ, დიდი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. თუ გაქვს მაღალი თამასა, გჭირდება, თორემ შეგიძლია, ასე გახვიდე და იმღერო, თუმცა ესეც გავსულვარ და მიმღერია… თუ გულწრფელი ხარ, იქაც მოდიან.
