რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნუკრი კაპანაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერულ გზაზე, შემოქმედებაზე და ახალ სიმღერაზე „ძველი ტრამვაი“ ისაუბრა.
ქალბატონო ნუკრი, აღსანიშნავია, რომ თქვენი სიმღერები დროსთან ერთად არ იკარგება, ყოველთვის აქტუალური, აზრიანია… როგორ ახერხებთ ამას?
ამ ყველაფერს იცით რა აკეთებს?! ძალიან რომ გიყვარს შენი საქმე… მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, ხელფასს იღებენ, მაგრამ არ უყვართ თავიანთი საქმე და დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ეს არ არის მათი პროფესია, ეს არის ტრაგედია…
საერთოდაც, მგონია, რომ ამ ქვეყანაზე მოსვლის აზრი არის, რომ შენი ადგილი იპოვო, იმიტომ, რომ ისეთი ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც სასუნთქი არტერიასავით არის, რომელიც, რომ გადაგიჭრან უბრალოდ მოკვდები. იცით, ზოგჯერ არის ხოლმე – „როგორ გიყვართ თქვენ სიმღერა“… არა, ეს ბანალური სიტყვებია, რომ გითხრათ – „ძალიან, ვგიჟდები“… ეს არის ბედნიერება, როცა შენ მოგეცა შესაძლებლობა აკეთო ის, რაც შენს სულს, გონებას, აზროვნებას ხდის ბედნიერს და შენი ემოცია სადღაც იღვრება. მთავარი ხომ არის, რომ ამოხეთქო, ამოთქვა. ადამიანები ზოგჯერ ტყეში გარბიან და მათ ფსიქოლოგებიც კი ეუბნებიან, რომ წადი, იყვირე, ამოთქვი და როცა მე საშუალება მაქვს, რომ სიტყვით და სიმღერით ამოვთქვა ეს ყველაფერი, მეტი ბედნიერება არ არსებობს.

რამდენად რთული იყო გზა, რომელიც გაიარეთ?
რთული ძალიან, რთული… მე ძალიან რთული გზის გავლა მომიწია, რომ დღემდე მოვსულიყავი, რადგან მე შორს ვიყავი გარემოდან, სადაც სიმღერაა, სადაც ძირითადი ამბები ხდება, თუნდაც ის, რომ არ ვიყავი თბილისში, ზესტაფონში ვიყავი. წარმოიდგინეთ, მერე თბილისში უნდა ჩამოხვიდე…
მე ამაზე არ მიფიქრია, რომ მე უნდა ვიყო მომღერალი, არა, უბრალოდ, ბედმა რაღაც ჯგუფში მომახვედრა, შემდეგ, ნახეს, რომ ამ გოგოს კარგი ხმა აქვს, დიდი ხმა აქვს… მართლა იმხელა ხმა მქონდა, თუმცა ხმა არ არის მთავარი, მთავარია, რაც გაქვთ, ის დიაპაზონი მოიხმაროთ სწორად.
სტუდენტობის პერიოდში მე და ჩემი ბიძაშვილი ვმღეროდით და იშხნელებთან გვქონდა ურთიერთობა, ნათესაურიც. დები იშხნელები ჩემთვის კლასიკაა. მე მაქვს ბედნიერება, რომ თამარ იშხნელთან თითქმის ყოველდღიური შეხება მქონოდა. მე მაშინ პატარა ვიყავი ძალიან, სკოლა მქონდა დამთავრებული.
ნამდვილად, შესაძლოა, ადამიანს ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდეს, მაგრამ მისი შესრულების მოსმენისას არანაირი ემოცია არ გიჩნდებოდეს…
მთავარია ის, რომ შენი სათქმელი იპოვო. როდესაც კონცერტებია და გეუბნებიან, რომ ეს კომპოზიტორი უნდა შეასრულო, გასაგებია, მივდივარ და იმ კომპოზიტორს ვასრულებ, მაგრამ ზოგადად, მე უნდა მოვძებნო ჩემი სათქმელი, მე როგორც მოქალაქეს, ნუკრის, დღეს რა მაწუხებს, რით ვცხოვრობ, ეს ყველაფერი უნდა გადმოვიტანო ლექსით და მერე, მელოდიით.
თქვენი რეპერტუარი ამ ისტორიების მიხედვით ააწყვეთ?
დიახ, რაც იმ პერიოდში მტკივა და მაწუხებს, იმაზე ვწერ, თუ არის სილაღე, რეპერტუარსაც ეტყობა, რომ სილაღეა.
რომ დავუბრუნდეთ კითხვას, ძნელი იყო თუ არა აქამდე მოსვლა, საქართველო, რომელიც არის კლანების, ჯგუფების და სალონების ქვეყანა, ძალიან რთულია… იქ სადღაც უნდა გაწევრიანდე, უნდა იყო… არავისთან არ ვწევრიანდები, ვარ მარტო, მე ვწევრიანდები ადამიანებთან.

ანუ ამ სფეროშიც გყავთ მეგობრები? გამოდის მეგობრობა?
რა საკვირველია, როგორ არ გამოდის. ეკა მამალაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, კომპოზიტორებზე აღარ დავიწყებ საუბარს… ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რაღაცამდეა ხომ ეს ურთიერთობა, პატივისცემა?! კეთილგანწყობილი ვარ.
არის ეს რაღაცები, რომელიც გულს გტკენს და ეს გულის ტკივილი იცით, რა რთულია?! როცა შენ გინდა, გამოხვიდე და შენ გეუბნებიან, რომ შენი ადგილი აქ არ არის. ამ დროს, შენ ზუსტად იცი, სად უნდა იყო და სად არ უნდა იყო. მერე, გხვდებიან ეს ადამიანები და გეუბნებიან – „როგორ მიყვარს თქვენი სიმღერა, ვგიჟდები“, მაგრამ ის აუცილებლად გვერდზე გადაგწევს…
ამაზე მაღლა თუ დადგები, ამას თუ გაუძლებ… სხვა გზა არ არის, როცა გიყვარს შენი საქმე, უნდა გაუძლო ამ ყველაფერს, უნდა აკეთო შენი საქმე. მე ამ სიახლეების და ექსპერიმენტების გარეშე არ შემიძლია და მსმენელი აუცილებლად გპოულობს, უბრალოდ, ჩვენ დროში გვეჩქარება, გვინდა, რომ ეს რაც ჩავწერეთ და გავაკეთეთ, დღესვე მივუტანოთ ადამიანებს.
ეს სულიერი მხარია, მაგრამ ეკონომიკური მხარე ცალკეა, სიმღერა რომ საბოლოოდ გამოიტანო, ამას ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, კონცერტებზე საერთოდ, დიდი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. თუ გაქვს მაღალი თამასა, გჭირდება, თორემ შეგიძლია, ასე გახვიდე და იმღერო, თუმცა ესეც გავსულვარ და მიმღერია… თუ გულწრფელი ხარ, იქაც მოდიან.
როგორ შეაფასებდით მომღერლების ახალ თაობას?
მე არ გამოვდგები შემფასებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, არიან ნიჭიერები, ნიჭი საქართველოში არის, მით უმეტეს, სასიმღერო ნიჭი არის საოცარი, მთავარია, გემოვნება სად არის… ამდენი ხანია, ვმღერი და მაინც ამ აზრზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ტიპი, რომელიც ტაბუს დაადებს რაღაცას, რომ ამას არ შევასრულებ, არა, იცვლება ჩემი აზრებიც და მიდგომებიც ყველაფრის მიმართ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჯერ უნდა იცოდე ქართული სიმღერა და მერე, ყველაფერი. ჩვენ იმხელა ფესვები გვაქვს, მარტო სიმღერა ხომ არ არის?! საიდან მოდიხარ, რა გავსებს… მერე, შენი კომპოზიტორი უნდა მოძებნო, არ შეიძლება სულ ეს კომპოზიტორები, რომელსაც ყველა მღერის… დიახ, ეს ვიცით, ყველა მღერის და უნდა ვმღეროდეთ, აუცილებელია, ეს არის ჩვენი დედანი, მაგრამ როდემდე შეიძლება, ვიმღერო – „შემოდგომის ნისლია“?! გასაგიჟებელი სიმღერაა, მაგრამ ახლა, სხვა სათქმელი მაქვს.
მგონი, ახალი კარგი სიმღერები არც იწერება, იშვიათობაა…
იშვიათობაა, მაგრამ მაინც იწერება. არ ვიცი, ალბათ, არ აქვთ მოტივაცია, ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა, თუ რატომ არ აქვთ ადამიანებს მოტივაცია.
პირველი თქვენი შესრულებული სიმღერა რომ გაიხსენოთ…
ეს იყო იშხნელების „არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ“. ჯგუფში ვმღეროდი პირველ ხმას. მერე, თან და თან, გამოიკვეთა, რომ – „ამ გოგოს რამხელა ხმა აქვს, მოდი, სოლო სიმღერაც დავუწეროთ“ და პირველი სიმღერა იყო მაცაცო სებისკვერაძის. მითხრა, მოდი, ახლა ერთი იმერეთზე უნდა გამღეროო, მე ვუთხარი, მე არ მინდა იმერეთზე, სიყვარულზე მინდა-მეთქი, რადგან მაშინ, ზუსტადაც ბობოქარი პერიოდი იყო ახალგაზრდას ცხოვრებაში და სიყვარულზე მემღერებოდა, მინდოდა, თვალები დამეხუჭა და მემღერა იმ ობიექტისთვის. ქალბატონმა მაცაცომ, არა, იმერეთზე უნდა გამღეროო, ბევრი ვიჩხუბე და ეს საბედისწერო და კარგი საბედისწერო აღმოჩნდა „იმერეთი“, რომელიც დღემდე მომყვება, სადაც არ მივდივარ, მაინც იმას მამღერებენ და მადლობა ჩემს მაცაცოს.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ძველი ტრამვაი“, როგორია მისი ისტორია?
ნინო ჩხიკვაძემ ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ დაწერა. მე ვუთხარი ნინოს, მე ეს ტრამვაი რომ არ ვიმღერო, არ დამეძინება-მეთქი. ნინო არ არის ის ტიპი, რომელიც სიმღერებს ადვილად არიგებს, რადგან აინტერესებს შინაგანი ამბავი, რა სჭირს მუსიკოსს, როგორია. მითხრა, შენ მართლა იმღერებო.
მერე, ფეხი მოვიტეხე, ერთი წელი საშინელება იყო, ახლა, დავიწყე სიარული, ნელ-ნელა.
ზვიად ბოლქვაძემ მითხრა, მე გაგიკეთებ ამ სიმღერაზე არანჟირებასო და საავადმყოფოში რომ ვიწექი, მოვიდა და მომიტანა ეს არანჟირება და ის ფეხი საერთოდ დავიწყებული მქონდა, მეკეთა ყურსასმენები და მთელი ავადმყოფობა ამ სიმღერის მორგებაში გადავიტანე.
ლექსი მარიამ წიკლაურს ეკუთვნის.
როცა მოისმენს მსმენელი, მინდა, რომ კარგად დაუკვირდეს სიტყვებს.
სიმღერა ნინო წითლაურთან ჩაიწერა.
ვინ იმუშავა სიმღერის კლიპზე?
გიორგი ლიფონავას, არაჩვეულებრივ რეჟისორს უბრალოდ მოვასმენინე ეს სიმღერა და თქვა, მოდი, გავაკეთებო. თუმცა, აქ არ იყო საუბარი არც თანხებზე, არაფერზე, უბრალოდ, მან ამ კლიპში დაიჭირა მთავარი და ეს მთავარია საჭირო. არ ხდება იქ რაღაც საოცრებები, კაბების გამოცვლები… არის თვალი და აზროვნება, ამბის თხრობა.
ნუკრი კაპანაძე – ძველი ტრამვაი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუკრი კაპანაძე. “პრემიერა თაკოსთან”