ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგის მიხედვით, წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა. საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუს – საქართველომ“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) დღეს გამოაქვეყნა.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია ნაცვლიშვილის თქმით, პროექტს ევროკავშირის დახმარებით უკვე 6 წელია ახორციელებენ.
„ბოლო 5 არჩევნების წინ ჩავატარეთ მონიტორინგი და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ პროგრესს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო პროცესებს და რამდენად ობიექტურია იგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი არჩევნებისთვისაც“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმოამადგენლის გიორგი მგელაძის ინფორმაციით, მთავრობა, ძირითადად, უარყოფითად ჰყავს წარმოჩენილი „რუსთავი 2“-ს და „ობიექტივს“, დადებითად – GDS-ს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, „ინტერნიუს – საქართველოს“ განცხადებით, ისინი დაბალანსებულად და მოუკერძოებლად აშუქებენ მოვლენებს,“ რაც ქმნის კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ რადიომაუწყებლებმა ხელი შუეწყონ ამომრჩევლის ინფორმირებულობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიან ანალიტიკური, სიღრმისეული სიუჟეტების მომზადებას და მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას“.
მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და იგი აფასებს არჩევნების გაშუქებას 40-ზე მეტ მედიასაშუალებაში.
რაც შეეხება რადიო “ფორტუნას”, ანგარიშის მიხედვით, ეთერით მიმდინარე მოვლენები, უმეტესად, ნეიტრალურად შუქდება.

