თელავში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები კავკასიელ კოლეგებთან და ევროპელ ექსპერტებთან ერთად ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადების – „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებს განიხილავენ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ვეტერინარებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფაზე. გარდა ამისა, დაიწყო კონსულტაციები, საქართველოს გარკვეული ტერიტორია ოფიციალურად დასახელდეს „თურქულისგან“ თავისუფალ ზონად.
„ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, იმართება „თურქულის“ საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიან მიდგომებს. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რაც კავკასიის რეგიონის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.
დაავადება „თურქული“ სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის“ საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს. 2017 წელს 2 693 938 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.