LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებლობით სარგებლობენ – NGO-ები

60

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ  ჩანაწერებსა და  თავად კომპანიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მესამე სექტორი ეხმაურება.13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით იმართება.

NGO-ები აცხადებენ, რომ “ომეგა” ჯგუფის გარშემო  გავრცელებულ ჩანაწერებს დამაჯერებლობის მაღალი ხარისხი აქვს და მათი ერთობლიობა მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, თავად საგამოძიებო უწყებებიც იმავე არაფორმალური გავლენების ქვეშ არიან და მათ მიმართ ნდობა დაბალია.

ვეხმაურებით ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ  მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ნიშნებზე და არაფორმალურ  კლანურ მმართველობაზე  მიუთითებს.

“მიგვაჩნია რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ  საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება  ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს. ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.  წარსულში ადამიანების უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევის აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ  ვერ აჩვენა ამ პრობლემის გადაჭრის და არსებითად განსხვავებული უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

“დემოკრატიული მმართველობის სისტემის  კრიზისზე მიუთითებს კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს  ემსახურება. სამართალდამცავები სტრუქტურების პოლიტიზება რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელ გამოძიებას,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარემაც. მან აღნიშნა, რომ მესამე სექტორს არ აქვს იმედი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება.

„მდგომარეობა არის მართლაც კრიზისული და მე ვფიქრობ რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვნახეთ ეს მათი კომენტარებიდან. არავის და ჩვენც არ გვაქვს განცდა იმისა, რომ რომელიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტი რაიმეს მოიმოქმედებს ამ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით და ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვხედავთ, დღეს ქვეყანა იმართება არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით და აქედან გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ რამე საქმე იქნება გამოძიებული,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

განცხადებას ხელს აწერს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები