LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს ძალიან პრაქტიკული მეთოდი, რომელსაც შედეგი ყოველთვის აქვს“ – რჩევები, როგორ არ შევცდეთ სააღდგომოდ კვერცხის შერჩევისას და როგორ შევინახოთ უსაფრთხოდ

635
ირაკლი არაბული

12 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

აღდგომამდე მოსახლეობა დღესასწაულის აღსანიშნავად, ტრადიციულად, მზადებას იწყებს და მთავარი სააღდგომო ატრიბუტების – კვერცხის, საღებავებისა და პასკის შეძენაზე გადადის.

წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მოქალაქეებს საკვებთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავენ.

როგორ შევარჩიოთ შესაღები კვერცხი, როგორ შევამოწმოთ მისი ვარგისიანობა და როგორ შევინახოთ ის უსაფრთხოდ – „ფორტუნას“ მკითხველს რჩევებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული უზიარებს.

როგორ არ შევცდეთ სააღდგომოდ კვერცხის შერჩევის დროს:

წინასააღდგომოდ ბაზარზე კვლავ გამოჩნდება ბევრი კვერცხი – ქართული წარმოების, იმპორტირებული და ე.წ. სოფლის კვერცხი.

თუ გვსურს, რომ ქართული წარმოების, ქარხნულად დამზადებული კვერცხი შევიძინოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მასზე დატანილ გამოშვების თარიღს.

ვადასთან ერთად კვერცხს აწერია GE, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოებულია საქართველოში. თუ ეს აღნიშვნა არ აქვს, არის ალბათობა, რომ ის იმპორტირებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვერცხი უხარისხო იქნება.

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ქარხნული წარმოების და ე.წ. სოფლის კვერცხი:

ბაზარზე ბევრი პროდუქტი გვხვდება სოფლის კვერცხის სახელით, თუმცა რეალურად მათგან მხოლოდ 20% შეიძლება იყოს ნამდვილად სოფლის.

მომხმარებელს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ თუ კვერცხი მუქი შეფერილობისაა, ის აუცილებლად სოფლისაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კვერცხის ფერს განსაზღვრავს ქათმის ჯიში. შესაბამისად, მუქი ფერის კვერცხი შესაძლოა ფერმაში გაზრდილი ქათმისგანაც მივიღოთ.

სოფლის კვერცხს ვადა არ აწერია, ამიტომ მისი ვარგისიანობის დადგენა რთულია. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ კვერცხი არ იყოს დაზიანებული. ასევე, თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს ნიშნავს, რომ ის ახალია.

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა კვერცხი ვარგისი:

არსებობს ძალიან პრაქტიკული მეთოდი, რომელსაც შედეგი ყოველთვის აქვს: კვერცხი მოვათავსოთ წყლიან ჭიქაში. თუ ის ჭიქის ფსკერზე გაჩერდება, ახალია; თუ ოდნავ ზემოთ წამოიწია – შედარებით ძველი; ხოლო თუ ამოტივტივდა, ასეთი კვერცხი არ უნდა გამოვიყენოთ.

რა რისკს შეიცავს ვადაგასული, არავარგისი კვერცხის მოხმარება:

კვერცხი, როგორც ცხოველური წარმოშობის სურსათი, საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ვადაგასულია.

თუ მომხმარებელი მიხვდება, რომ კვერცხი ვადაგასულია, ან გატეხის შემთხვევაში პროდუქტს უსიამოვნო სუნი აქვს, ის არ უნდა გამოიყენოს, რადგან ჯანმრთელობის დაზიანების დიდი საფრთხე არსებობს.

კვერცხის შენახვის ვადები:

კანონმდებლობით განსაზღვრული შენახვის ვადებია: ოთახის ტემპერატურაზე – 20 დღე, მაცივარში – 30 დღე.

მოხარშული კვერცხის შენახვის ვადა 72 საათია. თუმცა, რადგან შეღებილ კვერცხს რიტუალური დანიშნულებით ვიყენებთ, მაცივარში შენახვის პირობებში მისი გამოყენება 4-5 დღის განმავლობაშია შესაძლებელი“, – აღნიშნავს ირაკლი არაბული „ფორტუნასთან“.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ასევე საუბრობს, თუ როგორ განისაზღვრება საკვების შენახვის ვადები:

„საფლავზე გარკვეული სახის კერძები გაგვაქვს. აუცილებელია წესების დაცვა – რა შემთხვევაში შეიძლება ბუნებაში, გარკვეულ ტემპერატურაზე საკვების მოხვედრის შემდეგ მისი კვლავ მაცივარში დაბრუნება და შემდეგ გამოყენება.

თუ კერძი ოთახის ტემპერატურაზე [ოთახის ტემპერატურად მიჩნევა 22-23 გრადუსი] გაჩერებულია 2 საათის განმავლობაში, ის შემდეგ შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ;

თუ კერძი ოთახის ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაშია გაჩერებული, შეგვიძლია მივირთვათ, ხოლო მისი მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება;

თუ კერძი ოთახის ტემპერატურაზე 6 საათის განმავლობაშია დაყოვნებული, ის აღარც მაცივარში უნდა შევინახოთ და აღარც უნდა მივირთვათ.

ასე რომ, საფლავზე გატანილი კერძები, რომლებიც ბუნებაში 4 საათზე მეტხანს იყო, მაცივარში აღარ უნდა დავაბრუნოთ“, – აღნიშნავს ირაკლი არაბული.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ასევე გვირჩევს, შეძენის დროს უპირატესობა ეტიკეტირებულ პასკას მივანიჭოთ.

„ასეთი პროდუქტების შეძენა ორგანიზებულ ადგილებში უფრო კონტროლირებადია.

ბაზარზე გვხვდება როგორც ქარხნული, ისე სახლის პირობებში დამზადებული პასკები. ხშირად არ ვიცით, ვინ, სად და რა პირობებში ამზადებს მათ. აქ საუბარია გამართლებაზე. უპირატესობა მივანიჭოთ ეტიკეტირებულ პასკას, რადგან თუ ჩვენი ჯანმრთელობა დაზიანდება, გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ პასუხი. ფიზიკურ პირებს კი პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ.

პასკაში გამოიყენება სხვადასხვა ინგრედიენტი, მათ შორის კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ პასკა თერმულად მუშავდება და ცხვება, მაინც არსებობს რისკი, რომ მასში გამოყენებულმა ვადაგასულმა ინგრედიენტებმა საბოლოო პროდუქტის უვნებლობის პარამეტრებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს“, – ამბობს ირაკლი არაბული „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g