LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! – რა მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

1291
xatia moiswrafishvili

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერი აღარ არის. “ფორტუნას” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მოისწრაფიშვილი ამ დროის მდგომარეობით ადმინისტრაციაში რჩება, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით პრეს-სპიკერის პოზიციას აღარ იკავებს.

რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას მოისწრაფიშვილი, ამ საკითხის დაკონკრეტებისას ირკვევა, რომ კომუნიკაციების დეპარტამენტში დარჩენის შესახებ ხატია მოისწრაფიშვილის პოზიცია ცნობილი არ არის.

“ჯერ-ჯერობით აქ არის ხატია. უბრალოდ, ახლა არის ბიულეტინზე და რამდენიმე დღეში გაირკვევა და თქვენც გეცოდინებათ მისი პოზიცია,” – განუცხადეს “ფორტუნას”.

თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტი სახელდება. მოისწრაფიშვილის სტატუსიდან გამომდინარე კი პრობლემა მორალმა და წითელმა ხაზმა შექმნა, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებს.

„არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება,“ – ხატია მოისწრაფიშვილის ეს პოსტი ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მისი პრეზიდენტის პრესსამსახურის პოსტიდან გათავისუფლება/გადადგომაზე გავრცელდა ინფორმაცია.

 

ის რომ პოსტი სწორედ მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს ადასტურებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერის, ჟურნალისტის მანანა მანჯგალაძის გამოხმაურებაც, რომელიც დღეს მან ხატია მოისწრაფიშვილის გვერდზე გამოაქვეყნა.

თუმცა მანჯგალაძე ასევე წერს, რომ მომხდარის მიზეზი კიდევ უფრო სხვაა და გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ითქვა.

„არასდროს ვსაუბრობდით სამსახურის საქმეებზე, არც ახლა და არც მაშინ. პატივს ვცემდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც და ახლაც, მერე რა რომ სხვადასხვა პოზიცია გვქონდა. ასე გვესმის ჩვენ მეგობრობა, ურთიერთობა, დამოკუდებულება…ზუსტად ვხვდები რა წითელი ხაზები იყო და ზღვარიც მორალთან.. მეც მაქვს სათქმელი ჩემს მეგობარზე რომელთანაც მაშინაც ვმეგობრობდი როცა “თურმე” არ უნდა მემეგობრა (მაგრამ არ მახსენდება ვინმეს ეთქვას არ იმეგობროო, ეს მგონი ხშირად საკუთარი გადაწყვერილებით ხდება და არა ვინმეს მითითებით) და ახლაც, როცა თურმე არ უნდა მემეგობრა… მომხდარის მიზეზი კიდევ უფრო სხვაა და გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ითქვა,“ – წერს მანანა მანჯგალაძე.

დათო ლიკლიკაძე კიდევ ერთ-ერთია ხატიას მეგობრებს შორის, რომელიც მომხდარს საჯაროდ ეხმიანება. ამბობს, რომ გრძნობდა, რომ ხატია მოისწრაფიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„საქართველოში არ ვიყავი და ამ დრომდე ვერ შეგეხმიანე. პირადშიც შემეძლო მომეწერა მაგრამ რატომ? გაიგოს სხვებმაც!

შენ ხარ არა მარტო უმაგრესი ჟურნალისტი და კოლეგა, ხარ პირველ რიგში უმაგრესი ადამიანი და მეგობარი. ვამაყობ უკვე მრავალი წელია, რომ ჩემი მეგობარი გქვია. ძალიან მიყვარხარ და ზუსტად ვიცოდი შენი პრინციპების და ხასიათის შესახებ, ამიტომაც ვგრძნობდი ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებდი. მეც გავთავისუფლდი ტვირთისგან, რის გამოც საერთო სახალხო ჟრიამულში (რომელიც ბლომად გქონდათ) ვერ ვიღებდი მონაწილეობას. გარკვეული თვითცენზურა დავუწესე ჩემს თავს. ალბათ ბევრი იყო ჩემს დღეში.

მწამს და მჯერა ყოველთვის იქნები ჩვენს ქვეყანაში ის ხატია მოისწრაფიშვილი, რომელიც მედიას კარგა ხანია გასცდა და თავის ისტორიულ ადგილს იმკვიდრებს ქართულ საზოგადოებაში,“ – წერს დათო ლიკლიკაძე.

 

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერად სალომე ზურაბიშვილის არჩევიდან რამდენიმე კვირაში დაინიშნა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები