სომეხი მაღალჩინოსნები აცხადებენ, არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს და წერს, რომ ამასთან ერთად, ქვეყანა მოუწოდებს დიდ სახელმწიფოებს, მძიმე ვითარებას მეტი ყურადღება მიაქციონ.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საზღვარზე ესკალაციის დროს, სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა.
„ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე… აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან დაამყარა კონტროლი ზოგიერთ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, სომხეთის სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად გრძელდება.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პროვოკაცია, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2022 წლის 12 სექტემბერს, გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომებს იღებს ლეგიტიმური სამხედრო მიზნების წინააღმდეგ.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა ცალმხრივად გადასცეს სომხეთს სომეხი სამხედროების ცხედრები, რომლებმაც ჩაიდინეს დივერსიული აქტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რის შესახებაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეცნობა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ: „ის ფაქტი, რომ სომხეთი არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და არტილერიიდან ესვრის აზერბაიჯანულ პოზიციებს, მიუთითებს მის ინტერესზე რეგიონში სიტუაციის ესკალაციისადმი.“
„მოვუწოდებთ სომხეთს, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. მშვიდობა რეგიონში შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის საფუძველზე“,– განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის დროით 09:00-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მათი შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. როგორც უწყებაში აცხადებენ, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე.