LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე მელოდა.. მე აქ ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი..“ – გიორგი კეკელიძე მამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის

399
BeFunky-collage (2)

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ახლოს მამაჩემის გარდაცვალების დღეა.

ჰოდა, გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 67 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებში გიცვლი:

წიგნი გარდაცვლილ მამას – გიორგი კეკელიძის მიძღვნა

მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი.

უმჯობესი იქნება უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა. მაქაც შრომა. ამ თხილის ტომრების თრევა. ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს.

აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა.

ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს.

აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს…

ეს არის ჩემთვის ყველაზე სევდიანი ფოტო, რაც რომ მინახავს. ცხადია, დარდის სიდიდეს მხოლოდ მე განვიცდი – სხვისთვის კაცია დამშრალ ფანტანთან რაღაც ჟურნალით.

 

 

ჰოდა, ის დროა, რომ ,,გურული დღიურები” პოპულარული გახდა და ოზურგეთშიც მიმიწვიეს. იქაურ წარდგენაზე მამაჩემიც მოვიდა. მოვიდა ჩვეული ღელვით და თვალზე ცრემლით, როგორც სჩვეოდა, თუ რამე ამბავი მე მეხებოდა.

ამდენ ხალხში კი არა, სახლში იყო ხოლმე ასე. ჰოდა, მახსოვს, სამი წუთი იდგა სულ უკანა რიგში, ვერ გაძლო და გარეთ გავიდა.

არ ვიცი ცრემლების მოერიდა თუ მოურჩენელმა სიმორცხვემ გადასძალა. ასე მელოდა. ფოტო მეგობარმა გადაუღო და წლების მერე გამომიგზავნა. მერე, როცა მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო. ამ სურათს რომ ვუყურებ, სხვა სურათები აღარც არსებობენ. ამ სურათს რომ ვუყურებ, მე, ცხოვრებისგან კანუხეში და ცრემლშემშრალი კაცი, მამაჩემის მაგივრად ვტირი“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები