LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი კრიტიკული ტექსტი მე არ მახსენდება, „ოცნების“ დღევანდელი დღის წესრიგი აზიანებს ნატოში გაწევრიანების გზას – თეონა აქუბარდია

114
BeFunky-collage (56)

რა შედეგებით დასრულდა პრემიერმინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რა გზავნილები მივიღეთ და რამდენად ჩნდება ახალი პერსპექტივები ინტეგრაციის გზაზე – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ისაუბრა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოწოდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს სათავო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგისგან მოვისმინეთ.

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან – ველოდებით, რომ ღარიბაშვილი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას

ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები: იენს სტოლტენბერგი

„აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის კონტექსტიც, რაც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის ყოფნით, ამავდროულად, რუსეთის შანტაჟიც ნატოს მიმართ. რუსეთს არ აქვს ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ნატოს გადაწყვეტილებაზე, მიიღოს თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ჩვენს წარმატებული რეფორმების დღის წესრიგზე, როგორც თავდაცვის ასევე, დემოკრატიულობის კუთხით და ამასთან, ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე.

ის, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა, ამის გამეორება ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიმართ მოწოდება გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე 2005 წლიდან მუშაობს და მას არ ახსენდება მსგავსი კრიტიკა ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან.

„იენს სტოლტენბერგის განცხადება ფაქტობრივად, 4 ძირითად საკითხს ეხებოდა.

  • პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ოპოზიციასთან საუბარი
  • მედიის დამოუკიდებლობა
  • მართლმსაჯულების რეფორმა – ყბადაღებული სასამართლო კლანი, რომელიც რეალურად დიდ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო ასპარეზზე, მათ შორის ნატოში წევრობის კუთხით.
  • ასევე, პირველად გაჩნდა კრიტიკა უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის მხრიდან. ეს კრიტიკა უკავშირდება მედიაში სუს-ის გამოჟონილ ფაილებს, სადაც იყო ფაქტები სასულიერო პირებისა და დიპლომატების უკანონო მოსმენებზე.

ის, რომ უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყვნენ თავიანთ კანონიერ ჩარჩოში, ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატოში წევრობისთვის. როდესაც საქართველომ დაიწყო უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, მათ შორის სპეცსამსახურების, ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენ გვინდოდა გავმხდარიყავით ნატოს წევრები. შესაბამისად, ბოლო სკანდალი უფრო აუარესებს საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტს ნატოში გაწევრიანების კუთხით.

ამიტომ, ობიექტურად ვლაპარაკობ, რომ ძალიან რთულია რაიმე გასახარი იყოს იმ კრიტიკასთან მიმართებაში, რაც დემოკრატიულობის კუთხით ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერს თავის გამოსვლაში სიტყვა არ უხსენებია შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული გზავნილები ადასტურებს, რომ „ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში შიგნით მიმდინარე პროცესებს და როგორც პარტნიორს, საქართველოს კიდევ ერთხელ სთხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნატოში წევრობისთვის“.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა.

როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, დავით ზალკალიანის განცხადებაში, რომ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი – ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, ახალი არაფერია.

“დიახ, საქართველო მოქმედებდა, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, მაშინ როდესაც ავღანეთსა და ერაყში ჰყავდა თავისი სამხედროები გაგზავნილი. უტრირება იმის თქმა, როდესაც მთელი დასავლეთი შიდა ამბებითა და პოლარიზაციით შევაწუხეთ, თურმე რაღაც სიახლე და მიღწევა გვაქვს. მე არ მინდა მოვატყუოთ საკუთარი თავი და ჩვენი პარტნიორები. ფაქტია, რომ არ ტყუვდებიან. ნატოში წევრობა ჩვენი ინტერესია, ამიტომ ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ხალხის დაკვეთა და ჩაატაროს ის რეფორმები, რაც აუცილებელია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, რასაც არ აკეთებს”, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია, რომელიც ერთ-ერთია ოპოზიციონერი დეპუტატებიდან, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფება, ესწრება პარლამენტის სხდომებსა და არის შარლ მიშელი შეთანხმების ხელმომწერი, აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკა არგუმენტირებულია და აქვე იშველიებს მმართველი პარტიის განცხადებას, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.

„შარლ მიშელი დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ბევრად ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი, თუმცა შეთანხმებაზე ანულირების განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ეს შეთანხმება და არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ნატოს სამიტზე პირველად იყო შიდა პოლიტიკური დოკუმენტი მოხსენიებული, როგორც გზა ნატოში წევრობის, რაც იყო შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხება. სწორედ აქედან გადახვევა და გამოსვლა განიზრახა „ქართულმა ოცნებამ“, რაც გულისხმობდა მართლმსაჯულების რეფორმას, რომელთა დაკავშირებითაც კრიტიკა ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივანს პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრისას.

შეთანხმება ასევე გულისხმობდა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საარჩევნო კოდექსის, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს ამბავი, არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რაც გულისხმობს დემოკრატიულ განვითარებასა და ნატოში წინსვლას, არამედ ემსახურება ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.

მე არგუმენტის გარეშე კრიტიკას ხელისუფლების მიმართ არასდროს მივესალმები და დიახ, „ქართული ოცნების“ დღევანდელი დღის წესრიგი აზიანებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “კვირის თემა”.

 

magti 5g