LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი თამაშების მოგება უნდა ვისწავლოთ: საქართველომ ფეხბურთი ითამაშა

140

საქართველოს ნაკრებმა ნავსი გატეხა და ირლანდიასთან აღარ წააგო. სხვანაირადაც შეიძლება: ისევ იგივე – კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. რომელია არასწორი. ორივე მართებულია. კიდევ ერთხელ გვიწევს თქმა, რომ დასანანია მორიგი ქულების დაკარგვა. არადა, იმსახურებდა ჩვენი გუნდი პირველ გამარჯვებას შესარჩევ ციკლში. მართალია, არც ფრეა უსამართლო შედეგი (თუ ირლანდიის წესების დარღვევით გატანილ გოლს არ ჩავთვლით), მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია. ამ მატჩს ეტყობოდა, რომ ბიჭებმა მართლაც გულით ითამაშეს და აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. არის კიდევ ერთი: რიგ ეპიზოდებში გუნდს მწვრთნელის ხელიც ეტყობოდა, კვალიფიკაციაც – იქნებოდა ეს ბურთის დაჭერა, უბურთოდ მოძრაობა, პოზიციების დაკავება თუ სხვა. უბრალოდ, ეს უნდა გაუჯდეს თითოეულ მოთამაშეს და რაც მთავარია ასე უნდა იყოს მთელი 90 წუთი და არა ეპიზოდურად და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასე უნდა იყოს ნებისმიერ მატჩში ნებისმიერ მეტოქესთან.

თამაში ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ირლანდიამ ანგარიში დასაწყისშივე გახსნა. უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა გოლი დარღვევით გაიტანეს. ჩვენს მეკარეზე აშკარა თავდასხმა იყო, თუმცა მსაჯმა ეს გაატარა და გოლი ჩათვალა.


ამას მოყვა ის, რომ ირლანდიამ უკან დაიხია. შესაბამისად სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა და თავად კონტრშეტევაზე გადაეწყო. ბურთი თითქმის სულ საქართველოს კი ქონდა, მაგრამ ჩვენები ეპიზოდურად უბრალოდ გამწვავებას თუ ახერხებდნენ, რთული იყო მიახლოება და ზუსტი დარტყმა კარში. ერთი-ორი სახიფათო ჩხვლეტა მეტოქემაც განახორციელა და მათი მომენტები უფრო სახიფათოდ მოჩანდა.
და ამ დროს ბედმა უკვე გაგვიღიმა. ჩვენებმა მოკლე პასებით სამსვლიანი კომბინაცია ლამაზად გაითამაშეს და ანანიძის პასით ყაზაიშვილი მეკარესთან ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა: ვაკომაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ერთ-ერთზე დარჩენილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.


ირლანდიას უკან ჯდომა აღარ აწყობდა და ცოტა შეტევაზე გამოიწია, ერთ ეპიზოდში მაკარიძემ მაგარი ბურთი მოხსნა, ბოლოს ჩვენც მივაწექით, თუმცა დარტყმამდე საქმე ისევ არ მისულა. საქართველო შესვენებაზე ემოციით გავიდა, ქომაგი კი იმედიანად.

მეორე ნახევარიც თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა. ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა საქართველოს ქონდა და მუდმივად ცდილობდა გოლის გატანას. გოლი და მოგება ირლანდიას არანაკლებ ჭირდებოდა, ამიტომ თვალი მათაც ჩვენი კარისკენ ეჭირათ. უნდა ითქვას, რომ სტუმრები უფრო მწვავე ხიფათს ქმნიდნენ მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნომრად თამაშობდნენ. შანსი რა თქმა უნდა ჩვენებსაც ქონდათ, თან არანაკლები რაოდენობით, უბრალოდ კარში სახიფათო დარტყმამდე ნაკლებად მიდიოდა საქმე.
დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო. ჯერ შესვლაზე შესული მერებაშვილი ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, შემდეგ კი საჯარიმოში მყოფი მაკგიდის დარტყმის შემდეგ გადავრჩით. არადა, ერთხელ ამ ფეხბურთელმა ბოლო წუთზე ადრე უკვე გაგვიტანა თბილისში და ისე წავაგეთ. ახლა კი ნავსი გატყდა. ვერც მაკგიდიმ გაგვიტანა და საერთოდ, როგორც იქნა, ირლანდიამ ვეღარ მოგვიგო.

რა გველოდება. რა და 5 სექტემბერი და გასვლითი თამაში ავსტრიასთან.
2 სექტემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. მჩ-ის შესარჩევი

საქართველო – ირლანდია 1:1
საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ანანიძე, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა, 90), კვეკვესკირი, ქვილითაია (მერებაშვილი, 85), ჯიღაური (ჭანტურია, 75), კაკაბაძე, ნავალოვსკი.

ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, კლარკი, უილანი (მერფი, 79), ლონგი, ბრედი, მაკლინი, ვარდი, უოლტერსი, დაფი, არტერი (მაკგიდი, 61).
გოლები: დაფი, 3. ყაზაიშვილი, 38.
გაფრთხილება: კვეკვესკირი, 37 ჯიღაური, 62, მაკლინი, 76
მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

 

გურამ კაშია:
ერთით დადებითად შევაფასებდი, მეორეს მხრივ კი უარყოფითად.
თამაში ხარისხი კარგი იყო, აი შედეგით კი უკმაყოფილო ვარ. ასეთი თამაშით უნდა მოიგო, მაღალი დონე ვაჩვენეთ. დღეს ფეხბურთი ვითამაშეთ. ორთაბრძოლები მოვიგეთ, მით უმეტეს ირლანდიასთან, ბურთიც კარგად დავიჭირეთ.
ასე უნდა ვითამაშოთ ავსტრიასთან და თითოეულ მეტოქესთან. უნდა ვისწავლოთ ასეთი თამაშების მოგება.

ვაკო ყაზაიშვილი:
კარგია, რომ აღარ წავაგეთ ირლანდიასთან. თავიდან შეცდომით გავუშვით გოლი, მაგრამ საერთო ჯამში ვიმსახურებდით მოგებას. განსაკუთრებით პირველი ტაიმი ვითამაშეთ კარგად.
პროგრესი არის. ბურთი გვიჭირავს, დღესაც ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმში მეტი შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

 

 

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g