LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ “ასტრაზენეკას” ანტისხეულების კოქტეილს ავტორიზაცია მიანიჭა

193
new-covid19-feature-graphic-1600x900-final

“ასტრაზენეკას” ანტისხეულების კოქტეილმა აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციისგან ავტორიზაცია მიიღო.

კოქტეილი სახელწოდებით „ევუშელდი“ დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს არის პირველი საინექციო მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი კოვიდ-19-ის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის, რომელსაც FDA-მ ავტორიზაცია მიანიჭა.

კოქტეილი, როგორც პროფილაქტიკური საშუალება, დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეთ ეფექტიანი იმუნიტეტი  კოვიდვაქცინებისგან.

მისი მიღება ასევე შესაძლებელია ადამიანთა იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე გვერდითი რეაქციების ისტორია კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ან მის კომპონენტებზე.

კოქტეილის მიღება 6 თვეში ერთხელ ხდება. კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ინტერვალით მიღებული “ასტრაზენეკას” კოქტეილი დაახლოებით 83 პროცენტით იცავს სიმპტომური დაავადებისგან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ეფექტიანობით იმოქმედებს ის კორონავირუსის ახალ შტამ “ომიკრონზე”, თუმცა კომპანიის მკვლევრები ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ, რომ კოქტეილი ასევე ეფექტიანი აღმოჩნდება “ომიკრონის” წინააღმდეგ.

magti 5g