LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს

73
000-98G2QJ-800x520

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ვინაიდან ვლადიმერ პუტინი განაგრძობს სიტუაციის დაძაბვას უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ხალხისადმი და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, ასევე ჩვენი უახლოესი პარტნიორების დაცვის ვალდებულებას“, – ამის შესახებ სენატორმა ბობ მენენდესმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ განაცხადა.

ჯიმ რიშის განცხადებით კი, დასავლეთის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

„უკრაინელებს აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი და ეს კანონპროექტი ხელს უწყობს დასავლური ტიპის სამხედრო რეფორმების მხარდაჭერას, ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან თავის დასაცავად და აშშ-ს დიპლომატიურ მხარდაჭერას სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

კანონპროექტის მიზანს, იმ კომპანიებზე ზეწოლა წარმოადგენს, რომლებსაც უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან აქვთ კავშირი.

შეერთებული შტატები „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან, აღნიშნული მილსადენით გერმანიას რუსეთიდან გაზი ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კი, უკრაინას ართმევს მილიარდობით დოლარს, რომელიც სატრანზიტო გადასახადებით შეუძლია მიიღოს.

უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტის მიხედვით, 2026 წლამდე აშშ უკრაინას დაეხმარება 300 მილიონი დოლარით. თანხის ნახევარს უკრაინა კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს.

 

შეგახსენებთ, უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების გაზრდის ფონზე, კიევი დასავლეთს დახმარებას სთხოვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ში აცხადებენ, რომ 2014 წლის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძული უკანონოდ შეიერთა და დონეცკისა და ლუგანსკის აღმოსავლეთ რეგიონის ნაწილებში სეპარატისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლის დროსაც 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უკრაინაში რუსული ჯარის გადაადგილება მასშტაბურად გაიზარდა.