ვაშინგტონი კიევს დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა დახმარებას უგზავნის. როგორც CNN-ი წერს, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა.
„რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას“, – დასძინა ბაიდენმა.
პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების მიერ უკრაინისთვის იარაღის მტკიცე მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლის შესანარჩუნებლად. ეს დაეხმარა იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა ვერ შეძლო საკუთარი თავდაპირველი ომის მიზნების განხორციელება, რაც უკრაინის დაპყრობასა და მასზე კონტროლის დამყარებას გულისხმობდა. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა დასვენება“, – აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ მან დაარწმუნა ზელენსკი – „ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.